არც ის არის კარგი, როცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აქ არ არის, გუშინაც არ იყო კონფერენციაზე, ასე შემთხვევით მივლინებებს არ იგრძელებენ, - ასე გამოეხმაურა დეპუტატი მანანა კობახიძე იმ ფაქტს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციას "სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმდინარე გამოწვევები" არ ესწრება.
კობახიძის თქმით, სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე პასუხის გაცემა ხელისუფლებას უწევს.
"ევროსაბჭოში რეზოლუციებს იღებენ, რომ საქართველოს სასამართლოში ისევ არის თურმე კორუფცია. ამაზე პასუხს კი აგებს ხელისუფლება, ამ შემთხვევაში პარლამენტი, რომელიც წარმოდგენილია ევროსაბჭოში. ამიტომაც უნდა ვუშველოთ ამ ყველაფერს და იცით როგორ? - თანამშრომლობით. არც ის არის კარგი, როცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აქ არ არის, გუშინაც არ იყო კონფერენციაზე. ასე შემთხვევით მივლინებებს არ იგრძელებენ, თვალებში ჩავხედოთ ყველაფერს", - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ "სასამართლო კორპუსში უნდა იყოს თანამშრომლობა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ უნდა იყოს იგნორირებული არავისგან".