მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტური გამოცდის ტესტის წინასწარ გამჟღავნების თაობაზე მთელი პასუხისმგებლობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებს, მათ შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს ეკისრება, - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ახვლედიანის თქმით, მას იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან გარკვეული კითხვები აქვს.
"ტესტი, რომელიც წინასწარ მიეწოდებოდა კანდიდატს, მე მომაწოდეს სასამართლოს კეთილისმსურველებმა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა იმსჯელონ, თუ რა სახის დანაშაულთან გვაქვს საქმე. სწორედ ამიტომ გავაცანი ეს დოკუმენტი მათ. ახლა გასაგებია, რატომ ჰქონდათ იუსტიციის უმაღლესი სკოლისადმი უარყოფითი კამპანია - გამოცდის ჩაბარების შემდეგ კანდიდატმა ხომ იუსტიციის უმაღლესი სკოლა უნდა გაიაროს? მიდის კამპანია, რომ არსებობდეს დაუსწრებელი სწავლება და სკოლის მარტივად გავლა. ასეთი ფორმებით შერჩეული ადამიანები უნდა სწავლობდნენ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში დაუსწრებლად და გამარტივებული წესებით და შემდეგ მოსამართლედ დანიშვნა ფარული კენჭისყრით უნდა მოხდეს. ეს არის ერთიანი სქემა, შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანი შეიძლება ქუჩიდან აიყვანო ამ წესით და გამოცდა ჩააბაროს. შემდეგ სწავლის წესი მარტივი იქნება, გაივლის და დაინიშნება იუსტიციის საბჭოს მიერ. მე გამაჩნია კითხვები, რომელიც საზოგადოებასაც უნდა ჰქონდეს", - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა და დასძინა, მისთვის უცნობია ვინ არიან ადამიანები, რომლებმაც ტესტის წინასწარ გამჟავნებას ორგანიზება გაუკეთეს.
"ეს ინფორმაცია დიდი ხანია არსებობდა იურიდიულ წრეებში. დადასტურებულად ახლა მოვიპოვე დოკუმენტი. მასალები, რომელიც მე მაქვს გადავეცი იუსტიციის საბჭოს, რომელმაც უნდა შეამოწმოს მისი ნამდვილობა. აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ეკისრება იუსტიციის საბჭოს წევრებს, მათ შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს", - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა, რომელმაც დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს 2015 წლის 21 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით ჩატარებულ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტურ გამოცდაზე ტესტების და წერითი კაზუსების წინასწრარ გამჟღავნებაზე მიაწოდა ინფორმაცია.
ახვლედიანმა აღნიშნული ტესტის ასლი მედიის წარმომადგენლებსაც გააცნო, სადაც ტესტის ავტორისა და გამოცდის ჩამბარებელი პირის პასუხები იდენტურია.