მანანა კობახიძე მოსამართლეებს – იყო ზეწოლები და დაშინებები – აღიარეთ და გაპატიებთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით, სასტუმრო "რედისონში" მიმდინარე კონფერენციაზე მოსამართლეები პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს დაუპირისპირდნენ.
მოსამართლეთა უკმაყოფილება კობახიძის მოწოდებას მოჰყვა, რომელმაც სასამართლო სისტემის წარმომადგენლებს მიმართა, წინა ხელისუფლების დროს პროკურატურის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლა ეღიარებინათ.
"ჩვენ გვინდა, რომ სასამართლო იყოს ძლიერი დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და მოსამართლე არავის აბარებდეს ანგარიშს, მაგრამ თვალი გავუსწოროთ სიმართლეს, ვთქვათ სად იყო პრობლემა - იყო ზეწოლები, დაშინებები, ზეგავლენის მოხდენა პროკურორების მხრიდან და თავის დროზე რომელ საქმეებეზე იყო? ვაღიაროთ და გაპატიებთ. ყველამ ერთად მოვიხადოთ ბოდიში საზოგადოების წინაშე", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
კობახიძის ამ განცხადებას მოსამართლეთა უკმაყოფილება და რეპლიკები მოყვა: "რა უნდა ვაღიაროთ?", "რას გვაპატიებთ?".
მოსამართლეთა თქმით, არანაირი ზეწოლა პროკურორების მხრიდან მათზე არ ყოფილა.
"ნოტარიუსის როლი ნამდვილად არცერთს არ გვქონია. ნებისმიერი გადაწყვეტილება საჯაროა და შეგიძლიათ შეამოწმოთ", - მიმართა კობახიძეს მოსამართლე რევაზ ნადარაიამ.