იუსტიციის უმაღლესი საბჭო საზოგადოებას, ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო სექტორს მიმართავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო საზოგადოებას, ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო სექტორს მიმართავს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები საზოგადოებას, ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო სექტორს მიმართავს.

მიმართვაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მოსამართლეთა კორპუსის მიერ გუშინ მიღებულ განცხადებას იზიარებენ, ასევე ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ "სასამართლო დღეს საუკეთესო არ არის, მაგრამ ნამდვილად არაფრით ჩამოუვარდება განვითარების იმ საერთო დონეს, რომელიც სხვა სახელმწიფო ინსტიტუციებისა და მთლიანად ჩვენი საზოგადოებისათვის არის დამახასიათებელი".

"ინტერპრესნიუსი" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიმართვას უცვლელად გთავაზობთ: "იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები სავსებით ეთანხმებიან და იზიარებენ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ მიღებული მიმართვის შინაარსსა და სულისკვეთებას; ამასთან, ბოლოდროინდელი მოვლენების გამო, აუცილებლად მიიჩნევენ, საზოგადოებას განუმარტონ ძირითადი კონცეპტუალური მიდგომები, რომლებითაც თავიანთ საქმიანობას წარმართავენ და ის მოსაზრებები, რომლებსაც ეს მიდგომები ემყარება. ვფიქრობთ, მათი გაცნობა საზოგადოებას დაეხმარება სწორად შეაფასოს როგორც საბჭოს საქმიანობა, ისე საბჭოს წინაღმდეგ წამოწყებული კამპანიის შეუთავსებლობა დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის პრინციპებთან.

ჩვენთვის ცხადი და გასაგებია საზოგადოების ის სამდურავი, რომელიც კონკრეტული მოსამართლეებისა და მართლმსაჯულებისა სისტემისადმი არსებობს საზოგადოდ; მაგრამ ჩვენთვის ასევე ნათელია, რომ მოსამართლეთა კორპუსის ძირფესვიანი შეცვლა, რასაც ზოგიერთი ოპონენტი მოითხოვს, ან ცალკეულ მოსამართლეებზე ჯოხის გადატეხვა, მით უფრო, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და მთელი სასამართლო ხელისუფლებისადმი სიძულვილის გავრცელება გამოსავალი არ არის, არც შეიძლება იყოს და ყოვლად გაუმართლებელია.

ცხადია ისიც, რომ ხელისუფლების საერთო ნება, დამკვიდრდეს სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა, აუცილებელი პირობაა, მაგრამ ის საკმარისი არ არის. საჭიროა, მთელმა საზოგადოებამ, პოლიტიკურმა სპექტრმა, სამოქალაქო სექტორმა თუ მასმედიამ ხელი შეუწყოს მას და ბოლომდე გაიცნობიეროს არა მარტო სასამართლოს დამოუკიდებლობის სასიცოცხლო მნიშვნელობა, არამედ მისი მიღწევის გონივრული გზები და საშუალებები. დაუშვებელია იმ მიჯნების გადალახვა, რომელიც საფრთხეს უქმნის ამ დამოუკიდებლობას. იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომლის უმთავრესი ფუნქცია სწორედ სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაა, თავის ამოცანას იმაში ხედავს, რომ არა მარტო შეინარჩუნოს დამოუკიდებლობის თუნდაც მიღწეული დონე, არამედ ყოველი ღონე იხმაროს მის ასამაღლებლად გონივრული პოლიტიკის გატარებით.

საბჭო არ აპირებს დაჰკარგოს სასამართლოს დამოუკიდებლობის ის ისტორიული შანსი, რომელიც მოქმედი ხელისუფლების კეთილი ნების შედეგად გაჩნდა.

1. მოსამართლეთა კორპუსის მიმართ ხალხის ნდობა მაღალი არ არის, მაგრამ მისი შეცვლა არც შესაძლებელია და არც გამართლებული.

ა) დღეს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში 263 მოსამართლეა. იმ კანდიდატებს შორის, რომლებიც მოსამართლეობის ბოლო კონკურსებში მონაწილეობდნენ (მათი რაოდენობა კი 100-ს არ აღემატება), შეუძლებელია შერჩეულ იქნეს ამდენივე ისეთი კანდიდატი, რომლებიც ყველა დადგენილი კრიტერიუმით დააკმაყოფილებდა მოსამართლეობისათვის წარდგენილ მოთხოვნებს და იმავდროულად ყველასათვის (მთელი საზოგადოება, ყველა პოლიტიკური ძალა, სამოქალაქო სექტორი) იქნებოდა მისაღები.

ბ) ეს რომ შესაძლებელიც იყოს, ის ვერ ჰპოვებს გამართლებს. სასამართლო რომ გამოცდილი მოსამართლეების გარეშე დავტოვოთ და მართლმსაჯულება მხოლოდ ახალბედა მოსამართლეებს მივანდოთ, დიდი უგუნურება იქნება. სწორი მიდგომა ისაა, რომ საბჭომ ეფექტიანად გამოიყენოს მოქმედ მოსამართლეთა რესურსი, დაეყრდნოს მათ გამოცდილებას და სისტემა თანდათანობით შეავსოს ახალი კადრებით.

გ) რაც მთავარია, პრინციპულად მიუღებელია, პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება მოსამართლეთა კორპუსის ძირითადი ნაწილის შეცვლას იწვევდეს. სწორედ ეს აქცევს მოსამართლეს პოლიტიკურ ხელისუფლებაზე დამოკიდებულად. როგორც უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა, ისე ვადადასრულებულ მოსამართლეთათვის საკმარისი საფუძვლების გარეშე დაბრკოლებების შექმნა, გააგრძელონ თავიანთი სამოსამართლო კარიერა, დაანგრევს სასამართლოს დამოუკიდებლობის საწყისებს. ასეთი ნგრევა უკვე რამდენჯერმე განხორციელდა ჩვენს უახლეს ისტორიაში. ბევრი ჭრილობა ჯერ კიდევ მოუშუშებელია. საბედნიეროდ, დღევანდელი მმართველი პოლიტიკური ძალა, არ წავიდა ამ გზით და არ განუხორციელებია არავითარი მცდელობა, საბჭოს მეშვეობით ან სხვაგვარად, რომელიმე მოსამართლე დაეთხოვა სისტემიდან. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი შემადგენლობა იზიარებს რა ამ მიდგომას, სწორედ ამ ძირითადი ხაზის გამტარებელია.

2. მოსამართლეთა იგივე კორპუსი შეძლებს ხალხის ნდობის მოპოვებას

დარწმუნებულნი ვართ, რომ პროკურატურისა და ხელისუფლების წნეხისაგან გათავისუფლების, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკაზე უარის თქმის, დემოკრატიის გაღრმავებისა და ვითარების საერთო გაჯანსაღების პირობებში, მოსამართლეთა მოქმედი კორპუსი გაცილებით ეფექტიანი იქნება, ვიდრე ის იყო ადრეულ წლებში. ამის თვალსაჩინო მაგალითები უკვე გვაქვს. მარტო ის რად ღირს, რომ, მიუხედავად მოსამართლეთა კონტინგენტის შეუცვლელობისა, 2011 წელთან შედარებით, 2015 წელს 4-ჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, ხოლო აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენება 20%-ით შემცირდა. მოსამართლეები გაცილებით აქტიურად საუბრობენ დღეს მართლმსაჯულების პრობლემებზე, ვიდრე ოდესმე უსაუბრიათ. მათ ისწავლეს თავიანთი უფლებების დაცვა და თავიანთი მოსაზრებების საჯაროდ გაცხადება ყველა იმ შემოთავაზებულ სიახლესთან დაკავშირებით, რომელთა დანერგვაც გამართლებულად თუ გაუმართლებლად ესახებათ. ამ დადებით ტენდენციას ყველას მხრიდან ხელშეწყობა სჭირდება და არა მათდამი სიძულვილის გავრცელება.

3. მოსამართლეთა კორპუსიც უნდა ენდობოდეს საბჭოს

სასამართლოსადმი ხალხის ნდობის მოპოვებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო უმთავრეს ამოცანად მიიჩნევს, მაგრამ, იმავდროულად მიუთითებს საბჭოსადმი მოსამართლეთა კორპუსის ნდობის მოპოვების აუცილებლობაზეც, ვინაიდან უამისოდ საბჭოს ნებისმიერი წამოწყება უნიადაგო, ხოლო საბჭოს მთელი საქმიანობა ფუჭი, უმაქნისი გახდება. საბჭო, შესაბამის შემთხვევებში, ანგარიშს გაუწევს მოსამართლეთა კორპუსის მოსაზრებებსა და განწყობებს.

4. საბჭო ვერ დაუშვებს რაიმე ნიშნით დისკრიმინაციას

სასამართლოს ევალება პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა. ასეთი ნეიტრალიტეტის დაცვა ევალება იუსტიციის უმაღლეს საბჭოსაც. მოსამართლეთა შერჩევის დროს იგი ვერ გამოიყენებს დისკრიმინაციულ მიდგომებს იმისდა მიხედვით, თუ რომელი პოლიტიკური ხელისუფლების დროს იყო ესა თუ ის მოსამართლე დანიშნული, ან რომელი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერად არის იგი მავანთა მიერ შერაცხული. საბჭო ვერ დაუშვებს, ეჭვის ქვეშ დააყენოს პროცესის პოლიტიკურად ნეიტრალურობა.

5. სასამართლოში დამარცხებული მხარის უკმაყოფილება არ უნდა იქნეს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისათვის.

სასამართლოს ისედაც ჰყავს ბუნებრივი მტერი -სასამართლოს გადაწყვეტილებებით განაწყენებული ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ სასამართლომ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. დაუშვებლად მივიჩნევთ ამ განაწყენების გამოყენებას პოპულისტური მიზნებით და წინასაარჩევნო ბრძოლაში მოკლევადიანი პოლიტიკური უპირატესობების მისაღებად. ყველას მივმართავთ, ნუ დაადგებიან ამ უგუნურ გზას.

6. მოსამართლის კრიტიკა მხოლოდ გონივრულ ჩარჩოებშია დასაშვები

მათ წინააღმდეგ გამოთქმულ კრიტიკაზე მოსამართლეებს შეპასუხების შესაძლებლობები შეზღუდული აქვთ. თავშეკავებულობის ვალდებულებიდან გამომდინარე, ისინი მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, გულზე მჯიღის ცემითა და მთელი პათეტიკით ამტკიცონ თავიანთი სიმართლე, ანდა შეურაცხყოფისაგან თავის დასაცავად ოპონენტის მიერ გამოყენებულ მიუღებელ ხერხებს მიმართონ. ისინი იმ შესაძლებლობასაც მოკლებულნი არიან, სასამართლოში სარჩელის აღძვრის გზით დაიცვან თავიანთი პირადი თუ პროფესიული რეპუტაცია. შესაბამისად, ისინი მთლიანად მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, გააქარწყლონ კრიტიკის შედეგად მათზე შექმნილი ნეგატიური საზოგადოებრივი აზრი. ეს გარემოება განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს ყველას, გონივრულ ჩარჩოებში მოაქციონ მათი კრიტიკა და უსაფუძვლოდ ზიანი არ მიაყენონ მართლმსაჯულების ავტორიტეტსა და პრესტიჟს. საბჭო ყოველთვის გააპროტესტებს წრეგადასულ კრიტიკას და დაიცავს მისგან მოსამართლეებს.

7. მოსამართლის კრიტიკა არ უნდა გადაიზარდოს მისდამი სიძულვილის გავრცელებაში

მაშინაც კი, როდესაც მოსამართლის საქმიანობა ან კონკრეტულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, საფუძვლიანად თუ უსაფუძვლოდ, მართლაც წარმოშობს გარკვეულ კითხვებს საზოგადოებაში, მისი კრიტიკა არ უნდა გადაიზარდოს მოსამართლის ლანძღვაში, მისდამი სიძულვილის გავრცელებაში, მისთვის ანგარიშის მოთხოვნაში და სასამართლოს დისკრედიტაციაში. ბოლო პერიოდში ორი მოსამართლე გადაეცა ანათემას. პირველი მათგანი იმის გამო, რომ მან კონკრეტულ საქმეზე ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, როგორიც მიიღო, ხოლო მეორე მათგანი კი იმიტომ, რომ მან, მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში მონაწილეობდა საქმის განხილვაში, რომელზედაც ევროპული კონვენციის დარღვევა დადგინდა, მოინდომა მოსამართლედ დარჩენა გამოსაცდელი ვადით და უფრო დაბალ თანამდებობაზე, ვიდრე მანამდე ეკავა. ჯერ ერთი, არა გვგონია, საკუთრივ სტრასბურგის სასამართლომ მოიწონოს მოსამართლეთა ლანძღვა, ანდა ის, რომ იმ საქმეების განმხილველ მოსამართლეებს, რომელზეც მან კონვენციის დარღვევა დაადგინა, სამუდამოდ აეკრძალოთ მოსამართლეობა, მით უფრო, ამ დარღვევაში მათი პერსონალური ბრალის სათანადოდ გამორკვევის გარეშე. გარდა ამისა, თუ მეორე მათგანის დისკრედიტაციის "ლეგიტიმურობა" კონვენციის დარღვევის აღიარებას უკავშირდება, მაშინ საკითხავია, რას ეყრდნობოდა პირველი მათგანის დისკრედიტაცია კონკრეტულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გამო მაშინ, როდესაც ამ გადაწყვეტილების კანონიერება ჯერ სააპელაციო სასამართლოსაც კი არ გადაუმოწმებია. ამ საერთო კონტექსტმა, და კიდევ იმ გარემოებამ, თუ რა გულმოდგინებით ჩაერთო პოლიტიკური სპექტრი თუ სამოქალაქო სექტორის ზოგიერთი წარმომადგენელი მოსამართლეთა ლანძღვა-გინებასა და მათ დემონიზაციაში, ცხადს ხდის, რომ სასამართლოს ავტორიტეტი იოლად შეიძლება შეეწიროს პოლიტიკურად მოტივირებულ განწყობებს, ყალბად გაგებულ ლეგიტიმურ მიზნებს, ხოლო ზოგჯერ კი საქმის მხარეთა სრულიად კონკრეტულ კერძო ინტერესებსა და ამბიციებს. მოსამართლეთა მიმართ საზოგადოებაში მტრული განწყობილებების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა, მით უფრო ფაქიზი და მტკივნეული თემების გამოყენებით, დაუშვებელია და დამღუპველი, იგი გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მართლმსაჯულების ინტერესებს. შეუძლებელია მოსამართლეთა კორპუსს "მაფიოზების ბანდას" ან "კრიმინალების ჯგუფს" ვუწოდებდეთ და მათგან მიუკერძოებელ მართლმსაჯულებას მოვითხოვდეთ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყოველთვის წინ აღუდგება ამგვარ გამოვლინებებს.

8. სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა სასამართლოს ანგარიშვალდებულება არ არის.

საბჭო არა თუ არ უარყოფს, არამედ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სასამართლოს ანგარიშვალდებულებას და ცდილობს, მიაღწიოს დელიკატურ ბალანსს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და ანგარიშვალდებულებას შორის. მაგრამ შორსაა იმ აზრისაგან, რომ სასამართლოს ან საბჭოს საქმიანობაში ჩარევა, მათზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა თუ შეურაცხყოფა სასამართლოს ანგარიშვალდებულების ფორმებად მიიჩნიოს, შეეგუოს ამას და უპასუხოდ დატოვოს ამგვარი გამოხდომები.

9. მოსამართლე არ უნდა იყოს დათრგუნული გადაწყვეტილებაზე მოსალოდნელი რეაქციების შიშით.

საბჭო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს არა მარტო სასამართლოს ინსტიტუციურ, არამედ კონკრეტულ მოსამართლეთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას, მათ შორის, დამოუკიდებლობის შინაგანი განცდის გაჩენას და ყოველ ღონეს იხმარს, რათა მოსალოდნელი რეაქციების შიშით ისინი არ ერიდებოდნენ პოლიტიკურად სენსიტიური საქმეების განხილვას, ყოველთვის იმოქმედონ კანონისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე, და არა იმ სწორხაზოვანი საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენით, რომელიც წინასწარ არის შექმნილი საქმის გავლენიანი მხარეებისა და მათი მხარდამჭერების მიერ. სუსტი, დაშინებული, საკუთარ თავში დაურწმუნებელი სასამართლო ვერ შეძლებს საზოგადოებას მიუკერძოებელი და სამართლიანი მართლმსაჯულება მიაგებოს.

10. მოსამართლეთა დაშინება თვითნებობის რისკის აღმოფხვრის გზა არ არის.

საბჭო ითვალისწინებს იმ საფრთხესაც, რასაც თავისუფლების გამოყენება, სრული დამოუკიდებლობით სარგებლობა წარმოშობს საზოგადოებაში, სადაც არ არსებობს თავისუფლების სარგებლობის კულტურა და სადაც იგი შესაბამისი პასუხისმგებლობით არ არის გაწონასწორებული. ჯერ კიდევ არსებობს იმის საფრთხე, რომ ცალკეულ მოსამართლეთა მხრიდან თავისუფლება გამოყენებულ იქნეს თვითნებურად. პირველ ეტაპზე გარკვეული ექსცესები მოსალოდნელიც კი არის. ამის მიუხედავად, მივიჩნევთ, რომ ამგვარი ექცესების აღმოფხვრა მოსამართლეთა დატერორებითა და დათრგუნვით კი არ უნდა მოხდეს, არამედ სწავლებით, შესაბამისი კულტურისა თუ სამართლებრივი შეგნების ამაღლებით, აგრეთვე, ეფექტიანი დისციპლინური სისტემის მეშვეობით. გვჯერა, რომ მხოლოდ ასეთი მიდგომით მოვიწევთ იმ კეთილ ნაყოფს, რომელსაც საზოგადოება ლეგიტიმურად ელის და იმსახურებს.

11. კომპრომისის გზა უფრო გამართლებულია

საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ზემოაღნიშნული მიდგომებითა და ხედვებით, ითვალისწინებს არსებულ, არცთუ სახარბიელო რეალობას, მართლმსაჯულების მიმდინარე საჭიროებებს, მოსამართლეთა რაოდენობის სიმცირეს, მათ უკიდურეს გადატვირთულობას და სხვა უამრავ შიდა პრობლემას, რომლებიც ყოველთვის საჩინარი არ არის გარეშე თვალისათვის. იგი ცდილობს მიაღწიოს კონსენსუსს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის და ურთიერთ კომპრომისის გზით მიიღოს გონივრული და რაციონალური გადაწყვეტილებები, რომლებიც შორეულ, მაგრამ უფრო ნაღდი შედეგების მიღებაზეა გათვლილი, ვიდრე ვინმეს მაამებლურ, ანდა დაუყოვნებლივი, მოჩვენებით ეფექტიანი, ბრჭყვიალა შედეგების მიღებაზე. საბჭოს ამ შემადგენლობამ, მოსამართლე და არამოსამართლე წევრებმა მკვეთრად კონფრონტაციულ რეჟიმში დავიწყეთ საქმიანობა, ეს დიდხანს გრძელდებოდა და საბჭოს არაეფექტიანს ხდიდა. საბედნიეროდ, ეს ეტაპი უკვე გადავლახეთ და ახლა ვცდილობთ, კომპრომისის გზა მართლმსაჯულების სისტემის სტაბილურობისა და გაძლიერების მიზნით გამოვიყენოთ. არა გვგონია, რომ ერთიანობისა და სტაბილურობისაკენ გადადგმული ნაბიჯი უფრო ნაკლებად სასარგებლო იყოს, ვიდრე დაპირისპირების, განხეთქილებისა და კონფრონტაციის ჩვეული ქართული გზა, რამაც უკვე არაერთხელ მიაყენა გამოუსწორებელი ზიანი ჩვენს საზოგადოებას.

12. საბჭოს დაშლის მოთხოვნა სასამართლოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ხელყოფაა

შეცდომისაგან არავინ და, მათ შორის, არც ჩვენ ვართ დაზღვეული. მაგრამ, გაცილებით ნაკლებ ბოროტებად გვეჩვენება საბჭოში მცდარი გადაწყვეტილების მიღება ამა თუ იმ საკითხზე, ვიდრე მის გამო იმგვარი მოვლენების განვითარება, რაც ბ-ნი მურუსიძის გამოსაცდელი ვადით მოსამართლედ გამწესებას მოჰყვა. ვგულისხმობთ საბჭოს დისკრედიტაციის მიზნით წრეგადასული კამპანიის წამოწყებას, საბჭოს წევრთა გადადგომის მოთხოვნის დაყენებას, მათთვის ულტიმატუმების წაყენებას, ხალხის მტრებად მათ მონათვლას, მათდამი საყოველთაო სიძულვილის გავრცელებას და საბჭოს დაშლის მოთხოვნას. ეს გარემოებები, ცალ-ცალკე აღებულიც და, მით უფრო, ერთობლივად, თავისი არსით, წარმოადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, როგორც სასამართლო ხელისუფლების მართვის კონსტიტუციური ორგანოს უპატივცემულობას, სასამართლოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობისათვის ძირის გამოთხრას. ძალზე დასანანია, რომ ამ ფერხულში დიდი აზარტით ჩაერთვნენ არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ ადვოკატთა ასოციაცია, სამოქალაქო სექტორი და სხვანი. ყოველივე ეს, შორეულ პერსპექტივაში, გაცილებით უფრო უარეს შედეგებს გამოიწვევს, ვიდრე ეს ახლა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ვფიქრობთ, კარგი იქნებოდა, მათ მეტი წინდახედულება გამოეჩინათ.

13. სასამართლოს ყველაზე მეტად ესაჭიროება გაძლიერება და სტაბილურობა

სასამართლოს, ხელისუფლების პოლიტიკურ განშტოებებთან შედარებით, გაცილებით მეტად ესაჭიროება სტაბილურობა, სიმყარე და მდგრადობა; მედეგობა ყოველგვარი ჩარევებისა და ზეგავლენებისადმი, ურომლისოდაც იგი ვერ შეძლებს განახორციელოს მასზე დაკისრებული ესოდენ მნიშვნელოვანი ფუნქცია. სასამართლო ხელისუფლება დღეს ყველაზე მეტად სწორედ გაძლიერებას, განმტკიცებას, დანარჩენ განშტოებათა მხრიდან პატივდებულ დამოკიდებულებას საჭიროებს. სასამართლოსათვის თითის ქნევა არის ყველაზე არასასურველი რამ, რაც კი დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების პოლიტიკურმა განშტოებებმა სასამართლოს მიმართ შეიძლება მოიმოქმედონ. ამას არაფერი აქვს საერთო ხელისუფლების განშტოებების ურთიერთკონტროლისა და დაბალანსების დემოკრატიულ პრინციპთან. ყოველივე ზემოთქმული ჩვენთვის ცხადს ხდის, რომ, მიზეზთა გამო, ზოგიერთ პოლიტიკოსსა თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელს ვეღარ ვიგულვებთ სასამართლოს დამოუკიდებლობის ერთგულ დამცველებად, და რომ დროა, საკუთრივ სასამართლომ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთან ერთად, თავის თავზე აიღოს სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვის მთავარი გარანტის როლი. ქართულ საზოგადოებას ვპირდებით, რომ სასამართლო აღარ იქნება ყველაზე სუსტი რგოლი ხელისუფლების ტრიადაში და ის "დაბალი ღობე", რომლის გადათელვის შესაძლებლობა ყველას ექნება, ვინც კი ამას მოისურვებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყველას მოუწოდებს, შეწყვიტოს სასამართლოს რყევა არაკეთილგონიერი ქმედებებითა თუ განცხადებებით.

14. თანამშრომლობა მხოლოდ ურთიერთპატივისცემის საწყისებზე

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კვლავინდებურად გამოხატავს მზადყოფნას ითანამშრომლოს ხელისუფლების სხვა განშტოებებთან, სამოქალაქო სექტორთან, ადვოკატურასა და პროკურატურასთან, ისევე როგორც, სასამართლო რეფორმის წარმატებით განხორციელების მსურველ სხვა უწყებებთან და ცალკეულ პირებთან ; საბჭო ყველას სთავაზობს ღია, გამჭვირვალე და საქმიან ურთიერთობას მხოლოდდამხოლოდ თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის საწყისებზე.

იუსტიციის უმაღლეს საბჭო, რომელსაც სააშკარაოზე გამოაქვს თავისი ხედვები, რომლითაც იგი დღეს ხელმძღვანელობს, მადლობელი დარჩება, თუკი მოისმენს მათ შესახებ იმ პირთა მოსაზრებებს, რომლებიც საბჭოს წევრთა გადადგომას, საბჭოს დაშლასა და საბჭოს წევრთა მენტალიტეტის შემოწმებას მოითხოვენ, თანაც, უცოდველობის პრეტენზიითა და არც თუ დემოკრატიული რიტორიკით.

დაბოლოს, თავისთავად ცხადია, ქართული სასამართლო დღეს საუკეთესო არ არის, მაგრამ ის ნამდვილად არაფრით ჩამოუვარდება განვითარების იმ საერთო დონეს, რომელიც სხვა სახელმწიფო ინსტიტუციებისა და მთლიანად ჩვენი საზოგადოებისათვის არის დამახასიათებელი. მხოლოდ საერთო მონდომებით, კეთილგონიერებით, თავდაუზოგავი შრომითა და ერთმანეთის დახმარებით გავხდებით მოწინავე საერთაშორისო თემობის ორგანული ნაწილი", - ნათქვამია მიმართვაში.