ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტებს უფლება მიეცემათ ევროკავშირის კანონები დაბლოკონ. ამის შესახებ "ბიბისის" დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ ქემერონის ადმინისტრაციიდან წყარომ განუცხადა. აღნიშნული სიახლე ბრიუსელისა და დიდი ბრიტანეთის მოლაპარაკებების შედეგი გახდა.
ევროკავშირის საკანონმდებლო ინიციატივის დასაბლოკად, მის წინააღმდეგ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების 55% უნდა გამოვიდეს.
როგორც მოსალოდნელია, ცვლილებები შევა ევროკავშირის რეფორმის შესახებ შეთანხმების წინასწარ ტექსტში, რომელსაც დღეს ევროპული საბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკი წარადგენს.
ევროკავშირის მოქმედი სისტემის თანახმად, წევრი სახელმწიფოების ეროვნულ პარლამენტებს უფლება აქვთ, ევროკომისიის ინიციატივის წინააღმდეგ ერთობლივად გამოვიდნენ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ევროკომისია იღებს.