იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შესაძლოა პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა მოითხოვოს, - აღნიშნული ინიციატივით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ევა გოცირიძე სასტუმრო "რედისონში" მიმდინარე კონფერენციაზე სახელწოდებით "სასამართლო დამოუკიდებლობის მიმდინარე გამოწვევები" გამოვიდა.
ევა გოცირიძემ მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ კონფერენციას მისი თქმით, არ ესწრებიან ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, მაგრამ იმედი გამოთქვა, რომ მათთან კონტაქტი აუცილებლად შედგება.
"მე ახლავე მინდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს გავაცნო ჩემი მოსაზრება. იქნებ საბჭომ ინდივიდუალურად, სხვა პირების დასწრების გარეშე მოვითხოვოთ შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, რათა მათ ავუხსნათ ის პრობლემები, რომელიც სასამართლოში არსებობს და რომელიც გარედან არ ჩანს, რათა ჩვენი თანამშრომლობა გაცილებით უფრო ეფექტური და კონსტრუქციული იყოს", - განაცხადა ევა გოცირიძემ და დასძინა, რომ სასამართლომ გადაწყვიტა გაძლიერება მიუხედავად იმისა, რომ მას ახლა ებრძვიან.
"კიდევ ერთი მესიჯი მინდა გავაჟღერო – სასამართლო მიუხედავად იმისა, რომ მას ახლა ებრძვიან, გადაწყვიტა გაძლიერება. ეს არის ჩვენი მთავარი მესიჯი დღეს, ამ კონფერენციაზე", - განაცხადა ევა გოცირიძემ.
კონფერენციაზე, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით მიმდინარეობს, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები კახა კოჟორიძე და გიორგი კვერენჩხილაძე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და თავად იუსტიციის საბჭოს წევრები და მოსამართლეები ესწრებიან. იუსტიციის მინსიტრმა თეა წულუკიანმა კი კონფერენციის ორგანიზატორებს უსაყვედურა იმის გამო, რომ შეხვედრას არ ესწრება თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში მსგავსი კონფერენცია უკეთ იქნება ორგანიზებული.