ტელეკომპანია "მაესტროს" ხელმძღვანელობამ არხის გაკოტრებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილი სარჩენილი შესაძლოა უკან გაიტანოს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "მაესტროს" საკონტროლო პაკეტის მფლობელის, გია გაჩეჩილაძის ადვოკატმა, ირკალი კორძახიამ განუცხადა, სარჩელი უკან არხის არსებულმა ხელმძღვანელობამ უნდა გაიტანოს, სხვა შემთხვევაში კი, ამას ტელეკომპანის ახალი დირექტორი გააკეთებს.
"გია გაჩეჩილაძემ ადრე გააკეთა განცხადება, რომ მაქსიმალურად შეეცდებოდა არ გაკონტრებულიყო "მაესტრო" და გადარჩენილიყო. სამწუხაროდ, კოტე გოგელია მაქსიმალურად ცდილობდა გაკოტრებას. ახლა საკონტროლო პაკეტი შევიძინეთ. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მოხდა ეს, იყო სწორედ ის, რომ გაკოტრების საქმე შეგვეწყვიტა. აქედან გამომდინარე, შევეცდებით, რომ სამართლებრივი გზით გამოვიტანოთ ეს განცხადება სასამართლოდან, რომ "მაესტრო" არ გაკოტრდეს", - განაცხადა ადვოკატმა.
მისი თქმით, გაკოტრების მოთხოვნით სასამართლოს მაკა ასათიანის წერილის საფუძველზე "მაესტრომ" მიმართა.
"მიგვაჩნია, რომ ვინც მიმართა, იმან უნდა გამოიტანოს განცხადება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ "მაესტროს" დირექტორი ბაია გადაბაძე გამოიტანს სარჩელს, თუ ეს არ მოხდება, მაშინ მოგვიწევს დირექტორის შეცვლა და ახალი დირექტორი გააკეთებს ამას", - განმარტა ადვოკატმა და აღნიშნა, რომ 4 თებერვალს არის ჩანიშნული კრება, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად, დირექტორის შესახებაც იმსჯელებენ.
ტელეკომპანია "მაესტროს" წილის მფლობელებთან დაკავშირებით ცვლილებებია. არხის წილების საკონტროლო პაკეტის მფლობელი "მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებელი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) გახდა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ამონაწერის მიხედვით, გაჩეჩილაძე ამჟამად შპს "სტუდია მაესტროს" წილების 55 %-ს ფლობს.
რაც შეეხება სხვა მეწილეებს, რეესტრში, 2 თებერვალს გატარებული ამონაწერით, აქტივების 15 %-ის მესაკუთრე მამუკა ღლონტი, 5 %-ის ეკატერინე აკობია, დანარჩენი 25 %-ის კი - მაკა ასათიანია.
აღსანიშნავია, რომ ამონაწერის მიხედვით, "გია გაჩეჩილაძეს არ აქვს უფლება გაასხვისოს მის საკუთრებაში არსებული 25 % წილი შპს "სტუდია მაესტროს" კაპიტალში ყველა პარტნიორის თანხმობის გარეშე".