ევროსტრუქტურები და მოსამართლეები ხართ ერთ პოზიციაზე, შესაბამისად, მე უკან ვიხევ და პრობაცია მათთვის, ვინც 10 წელი იმსახურა მოსამართლედ, გაუქმდება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე "სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმდინარე გამოწვევები" სიტყვით გამოსვლაზე განაცხადა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ეს არის ერთადერთი საკითხი, სადაც ის უკან იხევს და მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღით გათვალისწინებული სხვა ცვლილებები აუცილებლად განხორციელდება.
"ვენეციის კომისიას, თქვენ, ევროპარლამენტს გაქვთ ერთი პოზიცია, მე მაქვს სხვა პოზიცია, ეს ეხება გამოსაცდელი პერიოდის გაუქმებას. მე არ მომწონს გაუქმდეს პრობაცია მათთვის, ვინც 10 წელი იყო მოსამართლე და ავტომატურად გადაინიშნონ ხელახლა მოსამართლეებად. მაგრამ ჩემი ეს პოზიცია არ მოგწონთ თქვენ, ვენეციის კომისიას და სულ ახლახანს ევროპარლამენტმა თქვა, რომ არ არის სწორი. გამოდის, რომ ევროსტრუქტურები და თქვენ ხართ ერთ პოზიციაზე, შესაბამისად, მე ვიხევ უკან ამ ერთ ნაწილში, ვუჯერებ ევროპარლამენტს, ვენეციის კომისიას, მაგრამ სხვა ნაწილებში რეფორმა უნდა განხორციელდეს", - განაცხადა წულუკიანმა და დასძინა, რომ პრობაცია მათთვის, ვინც 10 წელი იმსახურა გაუქმდება. თუმცა, საქმეთა ელექტრონული განაწილება შემოვა. ასევე სასამართლოს თავმჯდომარეებისთვის შემუშავებული იქნება სისტემა, რომელიც მათ პოზიციაზე დანიშვნას კიდევ უფრო დემოკრატიულს გახდის და მისივე თქმით, ასევე ინდივიდუალური მოსამართლე იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი.
"აქ უკან დახევა არც ერთი ნაბიჯით არ იქნება", - დასძინა თეა წულუკიანმა.
იგი დაინტერესდა მოსამართლეების აზრით, მიჰყვებიან თუ არა ისინი იუსტიციის სამინისტროს მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის განხორციელებაში.