შესაძლოა საბჭოს მუშაობაში კორექტივები არის შესატანი, თუმცა ამისათვის საჭიროა დავსხდეთ და დავილაპარაკოთ, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ სასტუმრო "რედისონში" მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც სასამართლო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული გამოწვევების საკითხზე თავად საბჭოს ორგანიზებით იმართება.
მურუსიძის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მუშაობს იმ კანონების საფუძველზე, რასაც პარლამენტი იღებს.
"კანონი პარლამენტის მისაღებია. რა კანონსაც პარლამენტი მიიღებს, იმ კანონის საფუძველზე ვმუშაობთ მოსამართლეები. პირველი და მთავარი არის ის, რომ უნდა დამთავრდეს სასამართლოს ლანძღვა. კრიტიკა გასაგებია, მაგრამ უნდა დავილაპარაკოთ. რაც შეეხება არის თუ არა საბჭოს მუშაობაში შესატანი ცვლილებები - იდეალური არაფერია, მაგრამ როგორ უნდა შევიტანოთ საბჭოს მუშაობაში კორექტივები, თუ ვერ დავილაპარაკეთ," – განაცხადა მურუსიძემ.
კონფერენციას მოსამართლეების გარდა, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებიან.