აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ნატო-ს ქვეყნებში მძიმე შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობას მნიშვნელოვნად გაზრდას აპირებს. პენტაგონის მაღალჩინოსნების ინფორმაციით, დამატებითი ძალები და სამხედრო აღჭურვილობა შესაძლოა, უნგრეთში, რუმინეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაიგზავნოს. ამის შესახებ გავლენიანი ამერიკული გამოცემა "ნიუ იორკ თაიმსი" ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის თანახმად, ეს იქნება თეთრი სახლის ადმინისტრაციის ნაბიჯი, რომელიც მიმართულია რუსეთის შეკავებისკენ რეგიონში შესაძლო აგრესიისგან.
"თეთრი სახლი ევროპაში ამერიკული შეიარაღების განლაგების მიზნით რეკორდულ 3,4 მილიარდი აშშ დოლარის დახარჯვას აპირებს" , - წერს გამოცემა რამდენიმე ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
თეთრი სახლის ადმინსიტრაციაში "ნიუ იორკ თაიმსთან" საუბარში აცხადებენ, რომ გაზრდილი სამხედრო პოტენციალი ევროპაში იქნება სიგნალი ვლადიმერ პუტინისთვის იმის შესახებ, რომ დასავლეთი კვლავ ეჭვის თვალით უყურებს მის ზრახვებს ევროპის რეგიონში.
"ეს არის გრძელვადიანი პასუხი ევროპაში უსფრთხოების კუთხით შეცვლილ გარემოზე და ასახავს ახალ სიტუაციას, რომელშიც რუსეთი უფრო რთული მოთამაშე გახდა", - განაცხადა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გამოცემასთან საუბარში.
"ნიუ იორკ თაიმსი" წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია, რა რეაქცია ექნება მოსკოვს ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაზე, მაგრამ, როგორც პენტაგონის ყოფილმა თანამშრომელმა ეველინ ფარკასმა განაცხადა, ეს იქნება "უდიდესი სიგნალი", რომ დასავლეთი კვლავ ერთგული რჩება გააგრძელოს რუსეთის შეკავების პოლიტიკა და "გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან".