აქტუალურ და სენსიტიურ საკითხებთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეფასებები ვერანაირად ვერ ჩაითვლება სასამართლოზე ზეწოლად

აქტუალურ და სენსიტიურ საკითხებთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეფასებები ვერანაირად ვერ ჩაითვლება სასამართლოზე ზეწოლად

აქტუალურ და სენსიტიურ საკითხებთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეფასებები ვერანაირად ვერ ჩაითვლება სასამართლოზე ზეწოლად

პრეზიდენტის მიერ გაკეთებული შეფასებები სახელმწიფოში არსებულ ნებისმიერ აქტუალურ და სენსიტიურ საკითხთან დაკავშირებით ვერანაირად ვერ ჩაითვლება სასამართლოზე ზეწოლად, - ასე პასუხობს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე მოსამართლეთა კორპუსის მიერ პრეზიდენტის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს.

როგორც კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის მხრიდან სასამართლოს ზეწოლაზე საუბარი არასერიოზულია.

"ამ ფაქტთან დაკავშირებით საუბარი ვფიქრობ არასერიოზულია. იურისტები რაღაც ეფემერული, ილუზორული, მოჩვენებითი არგუმენტებით არ უნდა საუბრობდნენ. ეს ცოტა უხერხულია. პრეზიდენტი გახლავთ სახელმწიფოს მეთაური, იგი არის კონსტიტუციური უფლებების დაცვის გარანტი, კონსტიტუციურ ორგანოთა ფუნქციონირების გარანტი. შესაბამისად, პრეზიდენტის მიერ გაკეთებული შეფასებები სახელმწფიოში არსებულ ნებისმიერ აქტუალურ და სენსიტიურ საკითხთან დაკავშირებით ვერანაირად ვერ ჩაითვლება ზეწოლად. მაშინ იგივე საკანონმდებლო ნორმა შეგვიძლია ჩავთვალოთ ზეწოლად, იგივე საზოგადოებრივი აზრი შეიძლება ჩავთვალოთ ზეწოლად. სტრასბურგის გადაწყვეტილებები შეგვიძლია ჩავთვალოთ ზეწოლად. ამიტომ ამ თემაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად რელევანტული იყო გუშინ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლითაც მან მოსამართლეთა კორპუსს მის მიერ ნაჩუქარ კონსტიტუციაში ჩახედვისკენ მოუწოდა, გიორგი კვერენჩხილაძის თქმით, "ამ განცხადების გაკეთებას აქვს თავისი სწორი საფუძველი გამომდინარე იქიდან, რა ინტერპრეტაციებიც ისმის იგივე კონსტიტუციასთან დაკავშირებით".

"შესაბამისად ეს დროული და რელევანტური შეფასება იყო სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან", - დასძინა გიორგი კვერენჩხილაძემ.

საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციამ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომლითაც საზოგადოებას, ხელისუფლებას და სამოქალაქო სექტორს მიმართა. მიმართვაში მოსამართლეებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მათ წინააღმდეგ ბოლო პერიოდში დაწყებული საპროტესტო კამპანია დაგმეს და განაცხადეს, რომ თუკი მათდამი "სიძულვილის თესვა" დროულად არ აღიკვეთება, მართლმსაჯულების სისტემას გამოუსწორებელი ზიანი მიადგება. ამასთან, მოსამართლეთა კონფერენციამ ცალკეული მაღალჩინოსნები სასამართლოზე ზეწოლაში დაადანაშაულა, რომელთა შორისაც საქართველოს პრეზიდენტიც იყო დასახელებული.