"ლავროვთან შეხვედრა შესაძლოა შედგეს, თუ იქნება შესაბამისი გარემოებები"

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე რუსეთის საგარეო უწყების პირველ პირთან შეხვედრას არ გამორიცხავს, თუკი, შესაბამისი გარემოებები იარსებებს.

თუმცა ჯანელიძე თავს იკავებს დააკონკრეტოს, რა იგულისხმება შესაბამის გარემოებებში. როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, აღნიშნულ შეხვედრას შესაბამისი მომზადება სჭირდება. ამასთან, მინისტრის თქმით, საქართველოს სირვილი აქვს, რუსეთთან კეთილმეზობლური დამოკიდებულება ჰქონდეს, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც აღნიშნა.

"ჩვენ გვაქვს დიდი სურვილი, რომ რუსეთთან და რუს ხალხთან გვქონდეს ნორმალური და კეთილმეზობლური ურთიერთობები, როგორც ეს აღნიშნა ბატონმა ლავროვმა, რასაც მივესალმებით. იცით, რომ გვაქვს კარასინი -აბაშიძის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც, ჩვენ შევძელით გარკვეული დადებითი შედეგების მიღწევა, მათ შორის, ეკონომიკური და საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით. ამასთან, მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველო ყოველთვის იყო და რჩება ღია რუსული ბიზნესისთვის და საერთაშორისო ურთიერთობებისთვის. თუმცა, სამწუხაროდ ჩვენს სურვილს გვქონდეს ნორმალური და კეთილმეზობლური ურთიერთობები, ხელს უშლის საერთაშორისო კონფლიქტი, რომლის შედეგადაც ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები რუსეთის მიერ, გამოდევნილია მოსახლეობა და ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის უფლებები. სამწუხაროდ, დღეს საქართველოს მთავრობის მიერ, ვერ ხდება ადამიანის უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საერთაშორისო კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით, შექმნილია საერთაშორისო დისკუსიის ჟენევის ფორმატი, რომელშიც აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო საზოგადოება და ჩვენი პარტნიორები. ჩვენთვის ეს ფორმატი მნიშვნელოვანია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა, რა თქმა უნდა, შეიძლება შედგეს, თუ იქნება შესაბამისი გარემოებები და იქნება შესაბამისად მომზადებული. ამ შეხვედრას სჭირდება შესაბამისი გარემოება და შესაბამისი მომზადება", - განაცხადა ჯანელიძემ

რაც შეეხება, უმრავლესობის წევრის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ მიხეილ ჯანელიძეს არ აქვს შესაბამისი გამოცდილება სერგეი ლავროვთან შეხვედრისთვის, ჯანელიძის თქმით, ყველას, მათ შორის უმრავლესობის წევრს უფლებ აქვს გამოთქვას საკუთარი მოსაზრება.

"მე ვარ ნდობით აღჭურვილი პრემიერ-მინისტრის მხრიდან, საქართველოს პარლამენტის მხრიდან. საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა. ყველას აქვს პოზიციის გამოთქმის შესაძლებლობა, მათ შორის უმრავლესობის წევრსაც", - აღნიშნა ჯანელიძემ.