იუსტიციის უმაღლესი საბჭო პრეზიდენტს დღეს შეხვედრაზე იწვევს, - ამის შესახებ საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ გუშინ, მოსამართლეთა კონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა.
200-ზე მეტმა მოსამართლემ, რომლებიც კონფერენციას ესწრებოდა, გუშინ საერთო განცხადება მიიღო, სადაც დაგმობილია ბოლო პერიოდში სასამართლოს მიმართ შეურაცხყოფის გახშირებული ფაქტები.
როგორც კონფერენციის დასრულების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ განაცხადა, სწორედ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბჭოს წევრებს სურთ შეხვდნენ როგორც პრეზიდენტს, ისე იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც მოსამართლეების მიმართ პროტესტს გამოთქვამენ.
მურუსიძის ინფორმაციით, შეხვედრა დღეს, 10.00 საათზე, "რედისონში" გაიმართება. მისივე თქმით, შეხვედრაზე,მიწვეული არიან როგორც პრეზიდენტი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და სახელისუფლებო გუნდის წევრები.