პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას დაადასტურა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების ორივე ვერსიაზე პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებს.
საუბარია ერთის მხრივ, უმრავლესობის 80 დეპუტატის ხელმოწერით პარლამენტში წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე, რომელიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით - მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით ჩატარებას ითვალისწინებს, რაც უმრავლესობის პროექტით, 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის უნდა მოხდეს. ამასთან, პარლამენტში წარდგენილია საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთობლივი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 75 მანდატის – პროპორციული წესით, ხოლო 75-ის – სამხარეო-პროპორიული სისტემით გადანაწილებას ითვალისწინებს.
უსუფაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დაწყებისას პოლიტიკურ ძალებს კეთილგონიერება ეყოფათ.
"ეს არის თითქმის ერთი და იგივე შინაარსის ორი დოკუმენტი, მნიშვნელოვანი განსხვავებით, თუ როდიდან ამოქმედდეს ახალი სისტემა. ამის თაობაზე, დიდი ალბათობით, თებერვალში უნდა ვიმსჯელოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება. იმედი მაქვს, რომ ყველა ძალიან მშვიდი და ცივი გონებით ანალიზით მიიღებს გადაწყვეტილებას, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რა რეალობაც გვაქვს და არ ვიზამთ უარესს, რომ ყველას გვინდა ერთი და იგივე, მაგრამ ზოგს დღესვე და ზოგს – ხვალ. იმაზე ჭიდილში, დღეს თუ ხვალ, არ გამოვიდეს ისე, რომ ზეგაც არ გვქონდეს ის, რაც ორივეს გვინდა დღეს ან ხვალ", - განუცხადა ჟურნალისტებს უსუფაშვილმა.