საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. თინათინ ხიდაშელმა სერჟ სარგსიანს სომხეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შედეგები და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამომავლო გეგმები გააცნო.
"ჩვენ გვაქვს რამდენიმე თემა, რომელიც სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებში თავდაცვის სფეროში ითხოვს გადაწყვეტას და პრეზიდენტთან საუბრისას ზუსტად ამ თემებზე გამახვილდა ყურადღება", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრეს. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, საქართველო მზადაა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში აქტიური როლი ითამაშოს.
"საქართველოს ძალიან მარტივი პოზიცია აქვს - ჩვენ გვინდა რეგიონში ვიყოთ მშვიდობის უზრუნველმყოფი ქვეყანა. მზად ვართ ვითანამშრომლოთ ნებისმიერ ფორმატში და ნებისმიერი მიმართულებით, თუ ეს დაეხმარება რეგიონში მშვიდობას. ნებისმიერი დესტაბილიზაცია, იქნება ეს მთიანი ყარაბახის მიმართულებით თუ რაიმე სხვა, იქნება პრობლემა საქართველოსთვის, ზუსტად ისეთივე მასშტაბის, როგორც იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ჩართული იქნებიან კონფლიქტში. როგორც აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" პრობლემის მოგვარებაში ვეძებთ მშვიდობას და მაქსიმალურად მშვიდობიან გზებს, ზუსტად ასევე დაინტერსებულები ვართ, რომ ნებისმიერი სხვა მიმართულებით ამ მშვიდობის ძიებაში ვიყოთ ერთ-ერთი მთავარი მონაწილე. ამ თვალსაზრისით, ჩვენი ორი ქვეყნის პოზიციები თანხვედრაშია ერთმანეთთან. სომხეთის პრეზიდენტი ძალიან ღიად და კმაყოფილი შეხვდა ამ პოზიციის კიდევ ერთ დადასტურებას, რაც მას დარწმუნებული ვარ არაერთხელ მოუსმენია ჩემი კოლეგებისგან სხვა შეხვედრებზეც და სხვა ფორმატებში.
შევთანხმდით, რომ ნებისმიერი თემა, ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მხარეებს შორის, ძალიან სწრაფად შეიძლება მოგვარდეს, თუ პირდაპირი კომუნიკაციის გზები გაჩნდება და სწორედ ეს იყო ამ ვიზიტის მთავარი ამოცანა", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.