"ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამოყენებას გააგრძელებს"

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამოყენებას გააგრძელებს.

ამის შესახებ ანგელა მერკელმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"რადგანაც მინსკის შეთანხმებები ბოლომდე არაა შესრულებული, ჩვენ მოგვიწევს რუსეთთან მიმართებაში სანქციების გაგრძელება. სანქციები მოიხსნებოდა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ფედერაცია "მინსკი 2"-ის შეთანხმებებს შეასრულებდა. ჩვენ ვთვლით, რომ ყველასთვის უკეთესი იქნებოდა, რომ ეს შეთანხმებები რეალიზებული ყოფილიყო და არსებულიყო პირობები სანქციების მოსახსნელად, თუმცა ამას ჯერ ვერ მივაღწიეთ", - განაცხადა მერკელმა.

გერმანიის კანცლერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის აღმოსავლეთით ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილად შეწყვეტილი ცეცხლი.