საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საშა გრაუმანს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა გაერო-ს ბავშვთა ფონდის ოფისს მისი დახმარებისა და ჩართულობისთვის საქართველოში ბავშვთა ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკის შემუშავებისა და გატარების პროცესში. აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოში, მათ შორის აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში UNICEF-ის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე გრაუმანი ასევე შეეხო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობას გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის შესრულების საკითხზე.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დაუდასტურა გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა.