პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ყველამ ხელი უნდა შეუწყოს იმას, რომ ჰააგის სასამართლომ რუსეთ-საქართველო ომთან დაკავშირებით, ჭეშმარიტება დაადგინოს.
უსუფაშვილის თქმით, 2008 წლის ომის დროს ბარბაროსული ქცევების ჩამდენი ადამიანების დასჯა რთული არ უნდა იყოს და მას მოლოდინი აქვს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სიმართლე დადგინდება.
"მგონია, რომ რთული არ უნდა იყოს ამ ბარბაროსული ამბების ჩამდენი ადამიანების დასჯა. ყველა, მოქალაქეებიც, ხელისუფლებაც ვიქნებით მონდომებული იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ დადგენას და არ გავაკეთებთ არაფერს, რაც ხელს შეუშლის ან ჭეშმარიტების დადგენას, ან საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფო ინტერესებს", - განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჰააგის სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიების უფლება რამდენიმე დღის წინ მიეცა.