ევროკომისიამ და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, პრეფერენციების გენერალიზებული სისტემით GSP+ სარგებლობის კონკრეტული შედეგების შესახებ, ანგარიში გამოაქვეყნეს.
28 იანვარს გამოქვეყნებული ანგარიში იმ 14 ქვეყანაში არსებულ წინსვალასა თუ სირთულეებს წარმოაჩენს, რომლებიც ევროკავშირის ბაზარზე უპირატესი წვდომის პირობებით სარგებლობდნენ.
როგორც ვაჭრობის სფეროში ევროკომისარი სესილია მალსტრომი აცხადებს, 14–ვე ქვეყანამ, რომელიც პრეფერენციების სისტემით სარგებლობს, მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია ადამიანის უფლებების, შრომითიუფლებების, გარემოს დაცვისა და კარგი მმართველობის სფეროებში სიტუაციის გაუმჯობესების თვალსაზრისით.
"ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ დიდი სამუშაო გავწიეთ. ჩავრთეთ ის მოწყვლადი ქვეყნები, რომლებმაც ითხოვეს ევროკავშირის ბაზარზე უფრო აქტიურად შესვლა. 14–ვე ქვეყანამ, რომელიც პრეფერენციების სისტემით სარგებლობს, მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებების, გარემოს დაცვისა და კარგი მმართველობის სფეროებში სიტუაციის გაუმჯობესების თვალსაზრისით. თუმცა, სიტუაცია იდეალურისგან საკმაოდ შორსაა - წინსვლა ნელა მიმდინარეობს როგორც ანგარიშშია ნაჩვენები, ჩვენ გამოვკვეთეთ არსებული ნაკლოვანენები, რაც საშუალებას გვაძლევს უკეთ გავიგოთ და განვსაზღვროთ ის საშუალებები, რაც მომდევნო წლებში სიტუაციის გაუმჯობესებას განაპირობებს. ჩვენ განვაგრძობთ დიალოგსა და თანამშრომლობას იმისთვის, რომ ქვეყნებმა გააგრძელონ 27 კონვენციით გათვალისწინებული პირობების შესრულება", - განაცხადა მალსმტრომმა.
ამასთან, როგორც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი და ევროკომისიის ვიცე–პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი აცხადება, ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილზე ცვლილების მოხდენაა და სწორედ ეს იქნება ევროკავშირის მიერ განხორციელებული მონიტორინგისა და დიალოგის მიზანი შემდგომი ორი წლის განმავლობაში.
"განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული არამარტო ეკონომიკურ ზრდასთან, არამედ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან. სწორედ ამიტომ მუშაობს ევროკავშირი იმ 14 ქვეყანასთან ერთად, რომლებზეც GSP+ ვრცელდება, რომ გაუმჯობესდეს ამ ქვეყნებში არსებული სიტუაცია ადამიანის უფლებების სფეროში, კერძოდ შრომითი უფლებების, სოციალური სამართლიანობის, გარემოს დაცვის და კარგი მმართველობის თვალსაზრისით. ჩვენ ჯერ სრულად არ მიგვიღწევია ყველა დასახული მიზნისთვის", - განაცხადა მოგერინიმ.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ პრეფერენციებით მოსარგებლე 14–ვე ქვეყანაში შეინიშნება წინსვლა. გაძლიერდა ის უწყებები, რომლებიც 27 ძირითადი კონვენციის პირობების შესრულებას უზრუნველყოფენ, უკეთეს ურთიერთობებს ჩამოაყალიბებენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის გაეროს ორგანიზაციებთან, რომელებიც პასუხისმგებელნი არიან კონვენციების განხორციელების მონიტორინგზე.
როგორც ანაგრიშშია აღნიშნული, GSP+ მოსარგებლე ქვეყნებთან ინტენსიურმა კონტაქტებმა განაპირობა ევროკომისიისა და ევროკავშირის საგარეო სამსახურის მიერ თითოეული ქვეყნის წინსვლის დეტალური შეფასება და მომდევნო წლების სირთულეებისა და სამუშაო პრიორიტეტების განსაზღვრა.
ანგარიშის თანახმად, GSP+ მოსარგებლე 14 ქვეყანას, ევროკავშირს, ევროკავშირისა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, შესაძლებლობა ექნებათ რეაგირება მოახდინონ ანგარიშში მოცემულ შეფასებებზე. პარალელურად, ევროკომისია გააგრძელებს პრაქტიკული დახმარების გაწევას GSP+ მოსარგებლე ქვეყნებისთვის, უნარების გაზრდაზე ორიენტირებული არსებული პროექტების პრაქტიკული მხარდაჭერით და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით.
GSP+ სისტემა ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკის ინსტრუმენტია, რომელიც შემუშავდა მესამე ქვეყნების დასახმარებლად, რომ მათ შეძლონ ძირითადი საერთაშორისო სტანდარტების შესრულება ადამიანის უფლებების, შრომის უფლებების, გარემოს დაცვისა და კარგი მმართველობის სფეროებში. ამ სისტემის ფარგლებში გარკვეული ტიპის საქონლის ევროკავშირში იპორტირებისას ქვეყნები არ იხდიან საიმპორტო მოსაკრებელს. ამის სანაცვლოდ, მათ რატიფიცირებული უნდა ჰქონდეთ 27 ძირითადი საერთაშორისო კონვენცია, მათ შორის გაეროს ადამიანის უფლებების კონვენციები და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციები შრომის უფლებების შესახებ. ქვეყნები თანახმანი უნდა იყვნენ ამ კონვენციების მონიტორინგსა და განხორციელებაზე.