მაქსიმალურად უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რომ ზუგდიდში სიტუაცია ესკალაციამდე არ მივიდეს

მაქსიმალურად უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რომ ზუგდიდში სიტუაცია ესკალაციამდე არ მივიდეს

მაქსიმალურად უნდა გაკეთდეს ყველაფერი იმისთვის, რომ ზუგდიდში სიტუაცია არ მივიდეს ესკალაციამდე, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომელიც ზუგდიდში მომხდარი დაპირისპირების დროს, 10 ადამიანის დაკავების ფაქტს ეხმაურება.

როგორც ჩიქოვანი აცხადებს, მას ჰქონდა საუბარი შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, ასევე მხარის გუბერნატორთან და მიმართა თხოვნით, რათა მაქსიმალურად გაკეთდეს ყველაფერი იმისათვის, რომ ძალადობას არ ჰქონდეს ადგილი.

"ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიც ჩაერთვნენ საქმეში. ეს არის დავა ორ კომპანიას შორის, რომელსაც სჭირდება კონკრეტული გამოსავლის პოვნა. ბროკერობა და მედიატორობა ამ შემთხვევაში ოფიციალურმა სტრუქტურებმა უნდა იკისრონ. თუ ეს გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღწეული შეთანხმების გზით, რა თქმა უნდა რჩება ერთადერთი გზა, ეს არის სასამართლო და მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება იყოს მიღწეული შედეგი. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის იმ გარემოებებმა, რომელიც თან ახლდა გარკვეული ხელშეკრულებების დადებებს, მისი გაუქმების მცდელობებს და ასე შემდეგ, გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი იმ ადამიანებში, ვინც პროტესტის ამ ფორმას მიმართა, რომ აქ შესაძლოა მონაწილეობდნენ "მეტრო პლუსის"' გარდა სხვა პირები ან დაინტერესებული მხარე. ასე, რომ აუცილებელია ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და რაც შეიძლება მშვიდ ტონში და სამართლებრივი გზით იყოს მოპოვებული გამოსავალი", - განაცხადა ჩიქოვანმა.

ზუგდიდი-თბილისისა და სხვა საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები კომპანია "მეტრო პლუსის" ზუგდიდის სატრანსპორტო ბაზარზე შესვლას აპროტესტებენ.

ცოტა ხნის წინ ავტოსადგურის ტერიტორიაზე "მეტრო პლუსის" ავტობუსები გამოჩნდა, რამაც აქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია. მათ ავტობუსებს კვერცხები დაუშინეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 10 პირი დააკავა.