ჩვენ ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპით ვუდგებით ევროკავშირის მისიებისა და ოპერაციების ფარგლებში ჩადენილ სექსუალური ძალადობის ფაქტებსა და სისხლის სამართლის ნებისმიერ დანაშაულს, - ამის შესახებ განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა გააკეთა.
როგორც ჰერმანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიის ფარგლებში მყოფი ჯარისკაცების მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს ევროკავშირი სერიოზულად უდგება.
"მნიშვნელოვანია, რომ ეს ბრალდებები გამოძიებულ იქნას. ჩვენ ახლა ჩვენებებზე დაფუძნებული ბრალდებები გვაქვს და სწორი იქნება აღვნიშნოთ, რომ ეს საკითხი კარგად უნდა განიმარტოს. ყველა ქვეყანას, რომელიც ევროკავშირის ოპერაციებში საკუთარ სამხედროებს გზავნის, აქვს ნათელი ვალდებულებები ევროკავშირის მორალური სტანდარტების და ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის მიმართ", - აღნიშნა ჰერმანმა.
მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება პირველ რიგში იმ ქვეყნების მიერ უნდა მოხდეს, რომელთა სამხედროების მიმართაც ისმის ბრალდებები.
გასულ კვირას გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიის ფარგლებში მყოფ ჯარისკაცებს ადგილობრივი არასრულწლოვნები სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. გაერო-ს ცნობით, არასრულწლოვნებმა დაასახელეს მისიის ქართული კონტიგენტის სამხედროებიც.