პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, შესაძლოა კანონპროექტები პლენარულ სხდომებზე თავად მინისტრებმა წარადგინონ და არა - საპარლამენტო მდივანმა.
როგორც ჟურნალისტებთან შეხვედრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ჰქონდა საუბარი პრემიერ-მინისტრთან და გიორგი კვირიკაშვილის მზად არის, აქტიურად ჩაერთოს საპარლამენტო საქმიანობაში.
"პარლამენტში გვექნება სხვა ტიპის აქტივობებიც. ერთი მხრივ, პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობა უფრო ინტენსიური იქნება. პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი. იგი აპირებს თავადაც და მთავრობის წევრებიც უფრო აქტიურად ჩაერთონ საპარლამენტო საქმიანობაში, იმიტომ რომ სინამდვიელში საპარლამენტო საქმიანობა, საპარლამენტო მმართველობის მოდელში, ეს არის განუყოფელი სამთავრობო საქმიანობისგან. როდესაც ვამბობ, რომ კანონპროექტების 80% მოდის მთავრობიდან, ეს ნიშნავს იმას, რომ პარლამენტში განსახილველი კანონპროექტების 80%, როგორც მინიმუმ, თავად მთავრობიდან არის წამოსული. არ იქნება ცუდი, თუ მნიშვნელოვან კანონპროექტებს ზოგჯერ თავად მინისტრები წარმოგვიდგენენ პარლამენტში. ეს გაზრდის კანონპროექტის ავტორიტეტსაც და ყველაფერს. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი საპარლამენტო მდივნები, მაგრამ ეს ყველაფერი პოლიტიკურ დატვირთვას გაზრდის", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, მეტადაა გამოსაყენებელი ის ინსტრუმენტები, რასაც საქართველოს კონსტიტუცია იძლევა.
"უნდა დავასრულოთ მანკიერი პრაქტიკა, რომ პარლამენტში პრემიერისა და მინისტრების მოსვლა იქცევა ხოლმე სკანდალის თემად", - აღნიშნა უსუფაშვილმა.