ინფორმაცია, რომ მურუსიძემ გაუშვა გირგვლიანის მკვლელები, არ შეესაბამება სინამდვილეს

ინფორმაცია, რომ მურუსიძემ გაუშვა გირგვლიანის მკვლელები, არ შეესაბამება სინამდვილეს

გავრცელებული ინფორმაცია, რომ მურუსიძემ გაუშვა გირგვლიანის მკვლელები, არ შეესაბამება სინამდვილეს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნულმა ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მისი საქმიანობის საპროტესტოდ მართლმსაჯულების სახლთან მიმდინარე აქციას გამოეხმაურა.

როგორც მურუსიძე აცხადებს, მზად არის ამ თემაზე დაინტერესებულ პირებთან ისაუბროს და საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიაწოდოს.

"ბევრი რამ ითქვა ჩემთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაცია, რომ მურუსიძემ გაუშვა გირგვლიანის მკვლელები, არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს იყო სპეციალურად ჩემს წინააღმდეგ მიმართული კამპანია. ვამბობდი და ვამბობ, რომ თუ საჭიროა, შეიქმნას კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება სისხლის სამართლის სპეციალისტებით და გავიაროთ ეს საკითხი. მე ვამბობ, რომ უზენაეს სასამართლოს არ შეეძლო მიეღო სხვა გადაწყვეტილება. ასევე წავიკითხოთ სტრასბურგის გადაწყვეტილება - თუ იქ სადმე წერია, რომ უზენაეს სასამართლოს შეეძლო სხვა გადაწყვეტილება მიეღო, მაშინ დავილაპარაკოთ", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

მისი თქმით, მას აქვს ინტერესი, რომ იყოს ძლიერი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება.

"მსგავსი ტიპის ჭორები კი ხელს უშლის სასამართლოს ნორმალურად ფუნქციონირებას", - აღნიშნა მურუსიძემ.

მართლმსაჯულების სახლში მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია აქციის ფონზე მიმდინარეობს.