ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მთავრობის პოლიტიკა გამოხატავდეს ხალხის ნებასა და ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საერთაშორისო ფორუმ "საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების" გახსნისას განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, მთავრობის საქმიანობა არის ღია და გამჭვირვალე. გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შემუშავებისა და განხილვის პროცესში ხელისუფლების სხვადასხვა შტოს, სამოქალაქო სექტორისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლების ჩართულობის საჭიროებაზე ისაუბრა.
"საჭიროდ მიგვაჩნია და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შემუშავებისა და განხილვის პროცესში ჩართული იყვნენ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს, სამოქალაქო სექტორისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები და გადაწყვეტილების მიღება ხდებოდეს კონსენსუსისა და სამოქალაქო თანხმობის საფუძველზე. ეს არის ევროპული მმართველობის სტილი, რაც ახალია ჩვენთვის და ნელ-ნელა მკვიდრდება ჩვენს ქვეყანაში. ამ სტილზე უნდა გადავიდეთ და ეს პროცესი ყველამ ერთად უნდა გავიაროთ - ხელისუფლებამაც, სამოქალაქო სექტორმაც და ხალხმაც", - აღნიშნა პრემიერმა.
მისივე შეფასებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველომ მიაღწია სტაბილურ წინსვლას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით, ხოლო წარმატებებმა კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და მმართველობის სფეროებში საერთაშორისო აღიარება პოვა.
"რეგიონში არასტაბილური ვითარების ფონზე, ჩვენმა რეფორმებმა მოგვცა ეკონომიკური ზრდისა და პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნების შესაძლებლობა", - დასძინა გიორგი კვირიკაშვილმა.