მმართველი კოალიცია მზად არ არის იმ საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად, რომელიც თავად მოამზადა

მმართველი კოალიცია მზად არ არის იმ საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად, რომელიც თავად მოამზადა

ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" ინფორმაციით, მმართველი კოალიცია მზად არ არის საარჩევნო სისტემის თაობაზე იმ საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად, რომელიც თავადვე მოამზადა. საუბარია უმრავლესობის 80 დეპუტატის ხელმოწერით პარლამენტში წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე, რომელიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით - მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით ჩატარებას ითვალისწინებს, რაც უმრავლესობის პროექტით, 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის უნდა მოხდეს. ამასთან, პარლამენტში წარდგენილია საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთობლივი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 75 მანდატის – პროპორციული წესით, ხოლო 75-ის – სამხარეო-პროპორიული სისტემით გადანაწილებას ითვალისწინებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარემ ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა, საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე დასვამს როგორც ერთი, ისე მეორე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პარლამენტის დღის წესრიგში შეტანის საკითხს.

"საკონსტიტუციო ცვლილებების ორი პროექტი განსახილველად მზად არის, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ განხილვები რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს და აღნიშნული საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში მოხვდეს. ჩვენ დავინახავთ რეალურად აქვს თუ არა ხელისუფლებას შანსი, შესაძლებლობა, მიიღოს გადაწყვეტილება და 2016 წლისათვის არჩევნები ნორმალური პირობებით ჩაატაროს, თუ მიიღებს პროპორციული სისტემის 2020 წლისათვის ამოქმედების გადაწყვეტილებას. ორივე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს საარჩევნო სისტემის შეცვლას, სამხარეო-პროპორციული არჩევნების მიმართულებით, მაგრამ სხვაობაა, თუ როდის ამოქმედდება - 2016 წელს, თუ 2020 წელს. ბევრი საუბარი და მითქმა-მოთქმაა, ვინ რა პოზიციას დაიჭერს ამასთან დაკავშირებით. საუბარი იმაზეც, რომ ხელისუფლება და მმართველი კოალიცია, რომელმაც საკითხის ინიცირება მოახდინა, თავადაც არ არის მზად, აღნიშნული ცლილებების 2020 წელს ამოქმედებისათვის. ამიტომ ეს მითქმა-მოთქმა რომ დასრულდეს და დავინახოთ, რომელი პოლიტიკური ძალა როგორ განწყობაზეა და როგორ მოიქცევა, უნდა ჩატარდეს განხილვები, რაც დაგვანახებს, როგორ განვითარდება ქვეყანაში საარჩევნო სისტემის რეფორმა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ირაკლი ჩიქოვანმა.

იმ შემთხვევაში თუკი კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელება საგაზაფხილო სესიაზე არ დაიწყება, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების წესისა და პროცედურის გათვალისწინებით, მოქმედ პარლამენტს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა აღარ ექნება.