ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი პრეზიდენტის პარლამენტში მოსმენის იმგვარ ფორმატს უჭერს მხარს, როცა სახელმწიფოს მეთაურის გამოსვლის შემდეგ ტრიბუნა მხოლოდ ფრაქციების თავმჯდომარეებს ეთმობა.
ვოლსკის შეფასებით, დებატების საშუალების ყველა დეპუტატისთვის მიცემა, გადაჭარბებულ ემოციებს გამოიწვევს, რისი წინააღმდეგიცაა.
"ვერ გავექცევით პოლიტიკურ სპეკულაციებს. პრეზიდენტი წელიწადში ერთხელ მოდის და ვფიქრობ, რომ ფრაქციის ხელმძღვანელებს შეუძლია ზუსტად ის პოზიცია გამოხატონ, რომელიც პარლამენტშია. ასევე ვფიქრობ, რომ სიტყვა დამოუკიდებელ დეპუტატებსაც უნდა მიეცეთ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გია ვოლსკიმ.
პრეზიდენტის პარლამენტში მისვლა საგაზაფხულო სესიის პირველივე პლენარულ სხდომაზე - 3 თებერვალს გადაწყდა. იმაზე, თუ რა ფორმატში შეხვდებიან პრეზიდენტს, კონსულტაციები დღეს იგეგმება. ხვალ კი, გადაწყვეტილებას ბიურო მიიღებს.
პარლამენტის რეგლამენტი პრეზიდენტის მოსმენის ორგვარს ფორმატს ითვალისწინებს - პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლის შემდეგ ტრიბუნა შესაძლოა მხოლოდ ფრაქციების თავმჯდომარეებს დაერთოთ ან პრეზიდენტის მოსმენა ე.წ. პოლიტიკური დებატების ფორმტაში გაგრძელდეს.