საერთაშორისო ფორუმი "საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები მიმდინარეობს. ფორუმი "ქორთიარდ მარიოტში" ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ბრემენის უნივერსიტეტთან პარტნიორობის ფარგლებში იმართება და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ესწრებიან.
ღონისძიება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. სტუმრებს სიტყვით მიმართავენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, გერმანიის ელჩი საქართველოში ბეკინა კადენბახი და IDFI-ს დირექტორი გიორგი კლდიაშვილი.
როგორც გიორგი კლდიაშვილმა ჟურნალისტებს ფორუმის დაწყებამდე განუცხადა, ფორუმი ორდღიანია და რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. კერძოდ, განსახილველ საკითხებს შორისაა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები, საქართველოს ეკონომიკური განვითარება და საქართველოს დემოკრატიული განვითარება.
კლდიაშვილის განმარტებით, მომხსენებლები იმსჯელებენ ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე, ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე, ევროპის ენერგოთანამეგობრობაში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებზე, ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე და ა. შ.
სპეციალურად ფორუმისთვის საქართველოს უცხოელი ექსპერტებიც ეწვივნენ.