პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლის შემდეგ ტრიბუნა შესაძლოა მხოლოდ ფრაქციების თავმჯდომარეებს დაერთოთ ან პრეზიდენტის მოსმენა ე.წ. პოლიტიკური დებატების ფორმტაში გაგრძელდეს.
პარლამენტის რეგლამენტი პრეზიდენტის მოსმენის ორგვარს ფორმატს ითვალისწინებს. კერძოდ, რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.
პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ შეიძლება გამოცხადდეს შესვენება არა უმეტეს ორი საათისა. შესვენების შემდეგ კი, ფრაქციების თავმჯდომარეთა გამოსვლები იმართება, რომელთა ხანგრძლივობას პარლამენტის ბიურო ადგენს, ან შეიძლება გაიმართოს დებატები.
რაც შეეხება დებატებს, ეს არის ფორმატი, როცა გამოსვლის შესაძლებლობა ყველა საპარლამენტო სუბიექტს ეძლევა. კერძოდ, უმრავლესობასა და უმცირესობას 45-45 წუთი ეთმობა. 15-15 წუთი ეძლევა ფრაქციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს (სხდომის თავმჯდომარეს), ვიცე-სპიკერებს – 10 წუთი, პარლამენტის წევრს, რომელიც არც ერთ ფრაქციაში გაერთიანებული არ არის – 5 წუთი. ფრაქცია, უმრავლესობა და უმცირესობა მათთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავენ გამომსვლელთა რაოდენობას და მათზე დროის გადანაწილების სქემას.
დებატების შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნას რეზოლუცია.
პრეზიდენტის პარლამენტში მისვლა საგაზაფხულო სესიის პირველივე პლენარულ სხდომაზე - 3 თებერვალს გადაწყდა. იმაზე, თუ რა ფორმატში შეხვდებიან პრეზიდენტს, წინასწარი კონსულტაციები დღეს იგეგმება. ხვალ კი, გადაწყვეტილებას ბიურო მიიღებს.