საქართველო

საქართველო "ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის" თანახმად, კვლავ "უმეტესად თავისუფალი" ქვეყნების სიაშია

საქართველო 2016 წლის "ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის" მიხედვით "უმეტესად თავისუფალი" ქვეყნების სიაში შევიდა. რეიტინგი ორგანიზაცია Heritage Foundation-მა საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

საქართველომ გასულ წელთან შედარებით ერთი ადგილით უკან დაიხია და წელს, 23-ე ადგილას გავიდა. ევროპაში კი მე-12 ადგილი დაიკავა და 72.6 ქულა მიენიჭა. 2012 წლის შემდეგ საქართველოს 3,2 ქულიანი ნამატი აქვს.

"მიუხედავად გლობალური და რეგიონული გამოწვევებისა, საქართველოს ეკონომიკამ აჩვენა მნიშვნელოვანი მდგრადობა. კორუფციის აღმოფხვრის და ფისკალური სიჯანსაღის აღდგენის მცდელობებმა ნაყოფი გამოიღო. ორწლიანი ფისკალური კონსოლიდაციის გამო მთავრობამ შეზღუდულად ხარჯა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა უზრუნველყო", - წერია Heritage Foundation-ის ვებ-გვერდზე.

ამას გარდა, კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოს აღსანიშნავი წარმატება საჯარო ფინანსების მენეჯმენტის, ღია ბაზრის და მარეგულირებლის ეფექტურობის კუთხით აქვს. ხოლო კვლავ შეშფოთების საგანია კანონის უზენაესობა.

"ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ეკონომიკური რეფორმების კუთხით პირველმა - საქართველომ შეამცირა რეგულაციები, გადასახადები და კორუფცია. რუსეთი საქართველოში 2008 წელს შეიჭრა და განაგრძობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების ოკუპირებას. 2012 წელს მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა "ქართული ოცნების" კოალიციამ დაამარცხა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებამ "ქართული ოცნების" პოლიტიკური დომინანტობა გააძლიერა. საქართველო რუსეთში ეკონომიკური დაღმასვლის და ნავთობზე დაბალი ფასების შედეგად დაზარალდა. მისმა ეროვნულმა ვალუტამ დოლართან მიმართებაში 2014 წლის ნოემბრის შემდეგ 30-პროცენტიანი დევალვაცია განიცადა. სოფლის მეურნეობა და მასთან დაკავშირებულ ინდუსტრიის სფეროებში სამუშაო ძალის ნახევარია დასაქმებული. საქართველომ 2014 წლის ივნისში ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და იმედოვნებს, რომ შეუერთდება ნატო-ს", - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოში უცხოელ და ადგილობრივ ინვესტორებს თანაბარი უფლებები აქვთ კანონით, საბანკო სექტორი იზრდება და ფინანსებზე წვდომის შესაძლებლობას იძლევა, თუმცა, საფონდო ბირჟა კვლავ მცირე და სუსტად განვითარებულია.

გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ბიზნესის დასაწყებად მინიმალური კაპიტალი და მხოლოდ ორი პროცედურაა საკმარისი.

"საქართველო კვლავ ებრძვის საბჭოთა პერიოდის კორუციას ისევე როგორც რუსეთის გავლენას. რეფორმების შედეგად ძირითადად აღმოიფხვრა კორუფცია ათი წლის წინ, მაგრამ 2014 წელს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მდგრად პრობლემებად ინსტიტუტების მიმართ უპატივცემულობა და ინსტიტუციური მმართველობის ნაკლებობა დაასახელა. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ჩარევა სასამართლო სისტემაში შესანჩნევია. საკუთრების უფლებების დაცვა გაუმჯობესდა", - წერია Heritage Foundation-ის ანგარიშში.

"ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის" მიხედვით, 178 ქვეყანას შორის პირველ ადგილას წელს ჰონგ-კონგი, მეორეზე სინგაპური, მესამეზე კი ახალი ზელანდია გავიდა. ხოლო ბოლო ადგილები ვენესუელამ, კუბამ და ჩრდილოეთ კორეამ დაიკავა. "უმეტესად თავისუფალი" ქვეყნების სიაში საქართველოს გარდა, შევიდა ასევე გერმანია, ფინეთი, დიდი ბრიტანეთი კანადა და სხვა. რაც შეეხება რეგიონულ ქვეყნებს, თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი "ზომიერად თავისუფალი" ქვეყნების სიაში, რუსეთი კი "ძირითადად არათავისუფალ" ქვეყნებს შორის მოხვდა.