"ქართული ოცნების" ინფორმაციით, გარდაბნის #2-ე საარჩევნო უბანთან ინციდენტის პროვოცირება "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლებმა განახორციელეს. ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლებმა "ქართული ოცნების" მხარდამჭერს შეგნებულად დაუზიანეს ავტომანქანა, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
"თავისუფალი ზონის" წარმომადგენლებმა მოაწყვეს პროვოკაცია. ჩვენს ერთ-ერთ მხარდამჭერს გაუტეხეს მანქანა, რასაც მოჰყვა ინციდენტი, შეკამათება, გაწევ-გამოწევა და ფიზიკური შეურაცხყოფა. სიტუაცია ამ დროისათვის დასტაბილურდა. იარაღს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით, პოლიცია არის ადგილზე მისული, ატარებს მოკვლევას. ეს იყო პროვოკაცია, რომელიც მომდინარეობდა კონკრეტულად "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლების მხრიდან", - განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ #2 უბანთან მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდნენ სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლები, კობახიძის თქმით, მთელი დღის განმავლობაში, არც ერთხელ არ დადასტურდა ოპონენტების მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ საარჩევნო უბნებთან სუს-ის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და ჩართულები იყვნენ საარჩევნო პროცესში. კობახიძის განმარტებით, ოპონენტების განცხადებები სიცრუეა.
"სუს-ის სახელი ტრიალებს მთელი დღის განმავლობაში. არც ერთხელ არ დადასტურდა არც ერთი ფაქტი სუს-ის რაიმე ფორმით ჩართულობისა საარჩევნო პროცესში. ძალიან დიდი უპირატესობით იგებს "ქართული ოცნება" არჩევნებს. ჩვენი ოპონენტები კი მთელი დღის განმავლობაში ატრიალებენ შეგნებულად სუს-ის სახელს, თუმცა, სუს-ი არსად ფიგურირებს. ეს არის თითიდან გამოწოვილი პროვოკაცია", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც "ქართული ოცნების" გარდაბნის საარჩევნო შტაბში გაიმართა.