ვიცე-პრემიერი კახა კალაძე უარყოფს ინფორმაციას, თითქოს სუს-ის თანამშრომლები საარჩევნო პროცესში არიან ჩართული.
"ეს დრო ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ 2012 წელს, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" სისხლიანი რეჟიმი ამას აკეთებდა", - განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას, თითქოს სუს-ის თანამშრომლები საარჩევნო პროცესს აკონტროლებენ.
"სულ 3 წელი გავიდა და კარგად გვახსოვს ყველას, როგორი ზეწოლა იყო განსხვავებული აზრის მქონე, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებზე, ჟურნალისტებზე, ტელევიზიებზე. ეს დრო საქართველოში აღარასოდეს დაბრუნდება და ის ინფორმაცია, თითქოს სუს-ი არის ჩართული საარჩევნო პროცესებში, არის სიცრუე", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, არც ერთი ფაქტი, თითქოს გარდაბანში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ხდებოდა საარჩევნო პროცესების მიმდინარეობისას, არ დასტურდება. "თუ ვინმეს აქვს კონკრეტული ფაქტი, შეუძლია წარმოადგინოს კონკრეტულ უბანზე ან დაწეროს საჩივარი", - აღნიშნა კალაძემ.