2016 წლის 23 იანვარს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა - „ბიზნეს კურიერის“ და შემდგომ კი „კურიერის“ ერთ-ერთი სიუჟეტი დაეთმო შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ მიღებული გაზის აღრიცხვის, ტექნიკური დანაკარგების და ფინანსური მაჩვენებლების საკითხს.
სიუჟეტში გაჟღერებული თემატიკის ანალიზის შედეგად დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ იგი მომზადებულია არაკომპეტენტური წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და წარმოადგენს დაკვეთილ, მიზანმიმართული ცილისწამების შედეგად შეთითხნილ ბრალდებას.
საკითხის უფრო ღრმად გარკვევის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობის აღკვეთის მიზნით, ვალდებულად ვთვლით სიუჟეტში გასულ ბრალდებებს გავცეთ კომპეტენტური და რეალობის ამსახველი პასუხი.
დღეის მდგომარეობით ქ. თბილისის გაზმომარაგება ხორციელდება საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მაგისტრალური მაღალი წნევის გაზსადენიდან, გაზის მიღების ოთხი ძირითადი წერტილის და მათთან არსებული სათაო გაზგამანაწილებელი სადგურების (გგს) მეშვეობით (ნავთლუღი, გლდანი, გაჩიანი და დიდი დიღომი). რის შემდეგაც გაზი ნაწილდება კომპანიის შიდა გგს-ბზე და გაზმარეგულირებელ პუნქტებზე.
გაზის მიღების ოთხივე წერტილში (სათაო სადგურებზე) დამონტაჟებულია გაზის აღრიცხვის კვანძები, რომლებიც დამოწმებულია საქართველოს სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სააგენტოს მიერ და დალუქულია საგადასახადო უწყების და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის სპეციალური ლუქებით. სათაო მრიცხველები განთავსებულია სახელმწიფოს მიერ დაცულ ტერიტორიაზე. აღრიცხვის კვანძების მეშვეობით აღირიცხება ქ. თბილისის მიერ მიღებული გაზის რაოდენობა, რის საფუძველზეც ყოველთვიურად ხორციელდება გაზის მომწოდებელთან შესაბამისი ანგარიშსწორება. ქალაქში შემომავალი გაზი ნაწილდება უშუალოდ საცალო მომხმარებლებზე და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად მათ მიერ მიღებული გაზის აღრიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური მრიცხველების მეშვეობით (კერძოდ, მოსახლეობაში და კომუნალურ ობიქტებზე დამონტაჟებული თითოეული მრიცხველის მეშვეობით). გამომდინარე აქედან, სიუჟეტში მოხსენიებულ ე.წ. „საუბნო მრიცხველებს“ არანაირი კავშირი არა აქვთ გაზის აღრიცხვის საკითხთან.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქის გაზგამანაწილებელი ქსელი წარმოადგენს ჩაკეტილ (დარგოლილ) სისტემას და მასში შემოსული გაზი მიეწოდება მხოლოდ საცალო მომხმარებლებს. გაზის ნაკადის მიმართვა აღნიშნული სისტემის გარეთ ტექნიკურად შეუძლებელია, რადგან ის აუცილებლად აისახება საცალო მომხმარებლების მრიცხველებზე.
რაც შეეხება კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებს, 2009 წლიდან, მას შემდეგ რაც კომპანია იმყოფება სპეციალური მართვის რეჟიმში, სწორად შერჩეული და დაგეგმილი მენეჯმენტის შედეგად დანაკარგები შემცირდა 33%-დან 10%-მდე, მაშინ როცა 2009 წელთან შედარებით 2015 წელს გაზის მიღება გაზრდილია 70%-ით.
დანაკარგების შემცირების დინამიკა- 2007წ - 37,3%, 2008წ - 32,7%, 2009წ - 27,8%, 2010წ - 21,2%, 2011წ - 17,8%, 2012წ - 14,9%, 2013წ - 14,2%, 2014წ - 10,37%, 2015წ - 10,3%
რაც შეეხება ყოფილი გენერალური დირექტორის, სანჟარ შოკატაევის მიერ სიუჟეტში გაკეთებული განცხადება, თითქოს ყაზახური მენეჯმენტის დროს კომპანიას ქონდა მოგება, არ შეესაბამება სიმართლეს, რის დასტურადაც წარმოვადგენთ საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „იუაი საქართველოს“ ((EY) რომელიც კომპანიის აუდიტს აკეთებს ყაზახური მენეჯმენტის პერიოდიდან) ჩატარებული აუდიტის დასკვნებიდან მოგება-ზარალის ციფრებს წლებად.
2006წ : -25 721 206 ლარი, 2007წ: -57 795 240 ლარი, 2008წ: -70 390 468 ლარი, 2009წ: -59 855 483 ლარი, 2010წ: -27 777 050 ლარი, 2011წ: 8 075 967 ლარი, 2012წ: 3 144 937 ლარი, 2013წ: -5 861 352 ლარი, 2014წ: -14 068 838 ლარი
ყაზახური მენეჯმენტის მიერ კომპანიის მართვის არც ერთ წელს კომპანიას ფინანსური წელი მოგებით არ დაუსრულებია.
გარდა ამისა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სპეცმმართველობის პერიოდში, კომპანიამ გარდა დანაკარგების მაჩვენებლის გაუმჯობესებისა, ყაზახური მენეჯმენტის მიერ დაგროვილი ვალებიდან დაფარა 109 მილიონი ლარი, მათ შორის ფინანსთა სამინისტროს ვალის ნაწილი, ისე რომ მიმდინარე დავალიანება არ დაუგროვებია და არ აქვს ვადაგასული ამოსაღები დებიტორული დავალიანება.
მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სიუჟეტის ეთერში გასვლამდე, კონკრეტული საკითხების დაზუსტების მიზნით შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისთვის“ ოფიციალურად წერილობით არ მოუმართავს ტელეკომპანია ,,რუსთავი 2’’-ის გადაცემების „ბიზნესკურიერის“ და „კურიერის“ არცერთ ჟურნალისტს, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს ვივარაუდოთ, რომ სიუჟეტი მომზადებულია ტენდენციურად. მასში ასახული ფაქტები არ შეესაბამება სინამდვილეს და ემსახურება არა კომპანიაში არსებული რეალური სიტუაციის გაშუქებას, არამედ მიმართულია კომპანიისა და მისი ყოფილი, თუ ამჟამინდელი ხელმძღვანელობის დისკრედიტაციისკენ, რაც კატეგორიულად მიუღებელია შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისთვის’’.
ამასთან, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, საკითხის კომპეტენტური შესწავლის გარეშე თავი შეიკავონ ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რომელიც დაკავშირებულია დედაქალაქის გაზმომარაგებასთან.