საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური გარკვეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს, რომ უფრო მეტად გაატარონ იმ ქვეყნის ინტერესი, რომლის მოქალაქეებსაც ისინი წარმოადგენენ. ასე გამოეხმაურა თამაზ მეჭიაური არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებას, რომლის თანახმადაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები ანტიდასავლურ, ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებენ.
"ეს არის უკვე მცდელობა ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, რომლებიც შეიმჩნევიან სხვადასხვა არც თუ ისე ქვეყნის სასარგებლო ინტერესების გატარებაში. კერძოდ, რასაც გადავხედე, მათი დიდი ნაწილი ძალიან მშვიდად უყურებს სხვადასხვა ფასეულობების შეურაცხყოფას, ეროვნულის, მართლმადიდებლობის და ა.შ. მაგრამ იქაც კი, სადაც არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ, ცდილობენ მოახდინონ დაპირისპირება სხვადასხვა ეროვნებებს, თუ ეთნიკურ ჯგუფებს შორის, ასევე სხვადასხვა აღმსარებლობის ჩვენს მოქალაქეებს შორის", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს არის მათი მხრიდან ცუდი საქციელი.
"ეს არის, რბილად რომ ვთქვათ, ცუდი საქციელი და მოვუწოდებთ მათ, რომ უფრო მეტად გაატარონ იმ ქვეყნის ინტერესი, რომლის მოქალაქეებსაც ისინი წარმოადგენენ და ეცადონ მაქსიმალურად, რომ ნუ დაუპირისპირებენ ხელოვნურად სხვადასხვა ეროვნების ჩვენს მოქალაქეებს თუ არამოქალაქეებს ჩვენს სახელმწიფოს. ამ შემთხვევაში, მე არ ვამბობ, რომ მე ვარ სახელმწიფო, მაგრამ მე ვარ ამ სახელმწიფოს ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელი, რომლის დისკრედიტაციასაც ისინი ცდილობენ", - განაცხადა მეჭიაურმა.
როგორც მეჭიაურმა აღნიშნა, მისი მხრიდან არანაირი ჰომოფობიური განცხადება არ ყოფილა გაკეთებული.
დღეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მხრიდან ხშირია ანტიდასავლური, ჰომოფობიური და სიძულვილის ენის გამოხატველი განცხადებები.
"21 იანვარს, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებულ კანონპროექტს აპროტესტებდნენ. მედიით გავრცელებული ინფორმაციით, შენობასთან მისულ თამაზ მეჭიაურს მონაწილეები სტვენითა და შეძახილებით შეხვდნენ. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს არტურ არუთინოვს აღნიშნულის გამო დეპუტატმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულ ფაქტი ნათლად ჩანს გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში.
არანაკლებ საგანგაშოა ინციდენტის შემდეგ ბატონი მეჭიაურის მიერ გაკეთებული კომენტარი, სადაც ეს უკანასკნელი ავლენს არმენოფობიურ დამოკიდებულებას და აცხადებს: "არ ვიცოდი ბატონი არტური თუ იყო, თორე... რომ მცოდნოდა, ვინ იყო, შეიძლება უფრო მაგრად..." აღსანიშნავია, რომ თამაზ მეჭიაური თავის გამოსვლებსა და განცხადებებში გამოირჩევა დისკრიმინაციული, მათ შორის, ჰომოფობიური და არმენოფობიური გამონათქვამებით, ასევე, მიუღებელია მისი დამოკიდებულება არასამთავრობო სექტორის მიმართ, როდესაც ის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს "ენჯეოელ სოროსელებად" მოიხსენიებს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სიძულვილის ენის გამომჟღავნება საზოგადოების კონკრეტული ჯგუფის მიმართ. აღნიშნულზე უთითებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევებიც. მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მხრიდან ხშირია ანტიდასავლური, ჰომოფობიური და სიძულვილის ენის გამოხატველი განცხადებები. ამავდროულად, უკანასკნელ ხანებში სახელმწიფოს მხრიდან არაეფექტური რეაგირების ფონზე, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა", - ნათქვამია
განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა GDI, მედიის განვითარების ფონდი MDF, საქართველოს რეფორმების ასოციაცია GRASS, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი EMC, იდენტობა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია GYLA, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ISFED.