დანაშაულებებს, რომელზეც ირაკლი ფირცხალავამ ისაუბრა და გაუხსნელია, პროკურატურა გამოიძიებს

დანაშაულებებს, რომელზეც ირაკლი ფირცხალავამ ისაუბრა და გაუხსნელია, პროკურატურა გამოიძიებს

იმ დანაშაულებებს, რომელზეც ირაკლი ფირცხალავამ ისაუბრა და გაუხსნელია, პროკურატურა გამოიძიებს, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ზუგდიდში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც იგი მოკლული პროკურორის, ვახტანგ ქირიას დაკრძალვაზე იმყოფებოდა.

"ის საქმეები, რომელიც ფირცხალავამ დაასახელა, გაუხსნელია. მათზე იმ დროს, როდესაც ეს ფაქტები მოხდა, ჩატარებულია რიგი საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა მიზეზთა გამო, რომელსაც ვერ ჩავუღრმავდები, ეს დანაშაულები გაუხსნელია. ამ დანაშაულებს რა თქმა უნდა, გამოვიძიებთ. ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება, რაც საჭიროა იმ საქმეებზეც ჭეშმარიტების დასადგენად", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

საუბარია 2007 წელს გოჩა მაღალდაძის და 2009 წელს ნინუების მკვლელობის საქმეებზე. ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ფირცხალავამ 22 იანვარს სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ კრიმინალური პოლიციის დირექტორობის პერიოდში, მას გააჩნდა აღნიშნული მკვლელობების შესახებ ინფორმაცია.

ფირცხალავამ აღნიშნა, რომ კვალი სამივე მოკლულის შემთხევვაში, ბიძინა კუჭავაზე გადიოდა, რომელიც პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაშია ბრალდებული და რომელმაც როგორც ცნობილია თავი მოიკლა.

ფირცხალავამ გამოთქვა მზადყოფნა, რომ პროკურატურას ძველ საქმეებზე ჩვენება მისცეს.