ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებელ მამუკა ღლონტის განცხადებით, "მაესტროს" წილებთან დაკავშირებით, გავრცელებული ინფორმაცია აბსურდია.
ამის შესახებ ღლონტმა "ინტერპრესნიუსს" გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომელიც თანახმად, კოტე გოგელია - მაკა ასათიანი ამ დროისთვის არხის აქციათა მხოლოდ 45 % განკარგავს, დანარჩენი 55 % კი - გიორგი გაჩეჩილაძეს, მამუკა ღლონტს, ლევან ჩიკვაიძეს, გიორგი ებრალიძეს და მაგდა აკობიას ეკუთვნის.
"მაგდა აკობია ვინ არის ხომ ვერ მეტყვით? ინფორმაცია აბსურდია. მე ადრე "მაესტროს" წილი ვერ გადავეცი, რადგან დაყადაღებული იყო, გადავეცი მართვაში და არა საკუთრებაში. უახლოეს პერიოდში წილის გაყიდვას არც ვაპირებ. გავრცელებული ინფორმაცია არის აბსურდი, რადგან მაგდა აკობია, ასეთი პიროვნება საერთოდ არ არსებობს ჩვენთან. არსებობს მაგდა გახარია, ეს ორი სხვადასხვა პიროვნებაა. პირადად მე რაც შემეხება, მე ჩემი წილის გაყიდვას არ ვაპირებ", - განაცხადა ღლონტმა.
რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, "მაესტროს" წილების საკონტროლო პაკეტის მართვაში მონაწილეობა პატარკაციშვილების ოჯახთან დაახლოებულმა პირმა მიიღოს, ღლონტმა განაცხადა, რომ ის "მაესტროს" საქმიანობაში არ ერევა და არც აინტერესებს".
"რაც შეეხება "მაესტროს" საქმიანობას, მე არ ვერევი, მართალი გითხრათ არც მაინტერსებს რა ხდება ამ კომპანიაში და ეს მენეჯმენტს ჰკითხეთ. ვფლობ გარკვეულ ინფორმაციას, რომლის გასაჯაროების ინტერესიც არ მაქვს. მე მხოლოდ ჩემს წილზე საუბარი შემიძლია და მის გასხვისებას არ ვაპირებ", - აღნიშნა ღლონტმა.