"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, საგარეო ვაჭრობა 13%-ითაა შემცირებული, ექსპორტი კი - 23%-ით.
როგორც ზურაბ მელიქიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხელისუფლება მუდმივად გვერდს უვლის იმ რეალურ მიზეზებს, რაც ეკონომიკას ამცირებს და ლარს აუფასურებს, შემდეგ კი ეს ყველაფერი მძიმე ტვირთად აწვება საქართველოს მოსახლეობას.
"საქსტატის მიერ გამოქვეყენებული ინფორმაციით, საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით, ვხედავთ, რომ სავალალო მდგომარეობა გვაქვს, რადგან ვაჭრობა დაახლოებით, 13%-ითაა შემცირებული, მათ შორის, ექსპორტი შემცირებულია 23%-ით, ნომინალში გამოხატული კი ესაა - 657 მილიონი დოლარი. ანუ ესა ის თანხები, რომელიც ქართულ ბაზარს შიდა მოხმარებისთვის დააკლდა და რაც პირდაპირ ურტყამს ლარის გაუფასურებას", - განაცხადა მელიქიშვილმა.
მისივე თქმით, ექსპორტთან ერთად 10%-ით შემცირებულია იმპორტი, რაც სამუშაო ადგილების შემცირებას ურტყამს.
"მნიშვნელოვანია ის, თუ რომელი ქვეყნების მიმართულებით შემცირდა ექსპორტი - აზერბაიჯანში თითქმის განახევრებულია ექსპორტის რაოდენობა. ეს მნიშნველოვანია, რადგან მიუთითებს იმაზე, რომ მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი და აქედან მიღებული შემოსავალია შემცირებული. მთავარი ფაქტორი ის დაულაგებელი ურთიერთობაა მეზობლებთან, რასაც ხელისუფლება ახორციელებს", - განაცხადა მელიქიშვილმა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია ღვინის ექსპორტთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც 180 მილიონიდან 95 მილიონამდეა ჩამოსული.
"ესაა იმ პოლიტიკის შედეგი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ხორციელდება. ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ მათ რეალური გეგმა, რომელიც წაახალისებს ეკონომიკას, შეაჩერებს ეროვნული ვალუტის გაუფასურებას, ხელისუფლება კი მხოლოდ განცხადებებითა და არაკონკრეტული ნაბიჯების გადადგმითაა შემოფარგლული", - განაცხადა მელიქიშვილმა.