პროკურორ ალექსანდრე გოგუაძეს, რომელსაც ფოთში ცეცხლი გაუხსნეს, არავითარი ბიზნესი არ აქვს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომელიც პროკურორ ალექსანდრე გოგუაძის მეგობარია.
მისი თქმით, პროკურორს ბევრი პრინციპული და მნიშვნელოვანი საქმე აქვს გამოძიებული და გახსნილი, დანაშაულის მოტივი კი, გამოძიებამ უნდა დაასახელოს.
ბესელია იმედოვნებს, რომ გოგუაძეზე თავდასხმის საქმეს, საგამოძიებო უწყება უახლოეს პერიოდში გახსნის.
"ფოთის პროკურორზე თავდასხმა სახიფათო და მძიმე დანაშაულია. ეს უდავოდ ნიშნავს იმას, რომ ეს არ იყო მხოლოდ პერსონალური შეტევა. ეს მთელი ინსტიტუციისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა და მე დარწმუნებული ვარ, რომ პროკურატურა მთელი ძალების მობილიზებით ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს დანაშაული გახსნას. ამ დროისთვის, კონკრეტული ვერსია არ სახელდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა და დამნაშავეები იქნებიან დაკავებულები", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
რაც შეეხება დანაშაულის მორტივს, იგი აცხადებს, რომ კონკრეტული მოტივი გამოძიებამ უნდა დაასახელოს.
"მას არავითარი ბიზნესი არ აქვს. პროკურორს ბევრი პრინციპული და მნიშვნელოვანი საქმე აქვს გამოძიებული და გახსნილი. ბევრი შემთხვევა იყო მისი გამოძიების ქვეშ. დარწმუნებული ვარ, მთავარ კითხვას, ვინ ჩაიდინა და რატომ მოხდა დანაშაული, მოკლე დროში გაეცემა პასუხი", - განაცხადა ბესელიამ.
ფოთის პროკურორს ალექსანდრე გოგუაძეს, რომელიც გრიგოლეთში, საკუთარ სახლში მიდიოდა, 14 იანვარს აკაკის ქუჩაზე ცეცხლი გაუხსნეს. პროკურორი არ დაშავებულა, თუმცა ავტომობილს, რომელსაც თავად მართავდა, 4 ტყვია აქვს მოხვედრილი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ალექსანდრე გოგუაძეს ბიზნესი აქვს.
მომხდარს ერთობლივად იძიებს სამეგრელო-ზემო სვანეთის და მთავარი პროკურატურა.