რუსეთმა პატივი უნდა სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რათა რეგიონი ინვესტიციებისა და ბიზნესისთვის მიმზიდველი გახდეს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ, CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა.
ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ 2008 წლის "ხანმოკლე კონფლიქტის" შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობის დონე კვლავ მაღალია. საქართველოს ორი რეგიონის ე.წ.სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტის გამო მომხდარ კონფლიქტს ასობით ადამიანი ემსხვერპლა. რუსეთმა კი ორივე რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.
კვირიკაშვილის თქმით, ორ ქვეყანას შორის დღეს მოქმედებს დიალოგის რამდენიმე ფორმატი, ვაჭრობის სფეროში კი პოზიტიური დინამიკა შეინიშნება.
"ჩვენ ვცდილობთ, შევამციროთ დაძაბულობა რუსეთთან, რათა შევძლოთ მეტი ინვესტიციების მოზიდვა, რადგანაც სტაბილურობა და უსაფრთხოება არის ნებისმიერი ინვესტორის უპირველესი მოთხოვნა", - განაცხადა კვირიკაშვილმა ჟურნალისტ ჰედლი გემბლისთვის (CNBC) დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მიცემულ ინტერვიუში.
როგორც CNBC აღნიშნავს, პრობლემები მაინც რჩება. რუსეთმა სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან შეთანხმებები გააფორმა, რაც, კვირიკაშვილის თქმით, "ყველანაირ ლოგიკას ეწინააღმდეგება".
"მაგრამ ეს არის მოცემულობა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს, - განაცხადა კვირიკაშვილმა, - ჩვენ გავაგრძელებთ პრაგმატულ მიდგომას, გავაგრძელებთ ჩვენი მხრიდან დაძაბულობის შემცირებას. რასაკვირველია, ჩვენ მივესალმებით რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით. ეს არის პოზიტიური ნაბიჯი, რომელსაც საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი აფასებენ".
კითხვაზე, აქვს თუ არა მას რაიმე გზავნილი ვლადიმერ პუტინისთვის, კვირიკაშვილმა უპასუხა: "რუსეთმა პატივი უნდა სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ეს არის უმთავრესი პირობა, რომელიც რუსეთმა უნდა დააკმაყოფილოს, რათა რუსეთთან ნორმალური ურთიერთობები დაიწყოს.
სიმართლე რომ ვთქვათ, დღესდღეობით ჩვენ ვერ ვხედავთ რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან სათანადო პოლიტიკურ ნებას ამ პრობლემების მოსაგვარებლად. მიუხედავად ამისისა, რუსეთთან ჩვენ გვაკავშირებს ხანგრძლივი ურთიერთობების ტრადიციები და არ ვთვლი, რომ ყველაფერი უნდა გადავხაზოთ", - დაამატა კვირიკაშვილმა.
ინტერვიუში კვირიკაშვილმა ასევე განაცხადა: "კულტურული თვალსაზრისით, ქართველები ევროპელები ვართ, ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა".
როგორც CNBC აღნიშნავს, პარასკევს საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ დავოსის ფორუმის ფარგლებში კვირიკაშვილი შეხვდა ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის განცხადებით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს გაწევრებასთან დაკავშირებული საკითხები. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრად 2015 წლის ბოლოში, მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი მოულოდნელად გადადგა.