საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე ბუნებრივი აირთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.
როგორც დავოსში ჟურნალისტებს კვირიკაშვილმა განუცხადა, ერთადერთი, რაც აღინიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე იყო ის, რომ ეს არის სუფთა ტექნიკური ხასიათის საკითხი. მისივე თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის აბსოლუტურად არანაირი გაუგებრობა არ არის.
"ილჰამ ალიევთან შეხვედრამ ჩაიარა ძალიან მეგობრულ და თბილ ატმოსფეროში. ნამდვილად არ გვქონია საუბარი გაზის მოწოდების საკითხებზე. ერთადერთი, რაც აღვნიშნეთ იყო ის, რომ ეს არის სუფთა ტექნიკური ხასიათის საკითხი. აბსოლუტურად არანაირი გაუგებრობა ჩვენ სახელმწიფოებს შორის არ არსებობს. პირიქით, ჩვენ გვაქვს ძალიან ოპტიმისტური განწყობა, რომ იმ საერთო პროექტებით, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ, ეს არის აბრეშუმის გზის პროექტი, ეს არის ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ახალ წყაროს შევქმნით ჩვენი ორივე ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში საქართველოს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ეწვევა. "ამასთან, შევთანხმდით, რომ ბატონი ალიევი უახლოეს პერიოდში საქართველოს ეწვევა და ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობები", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.