აჭარის მთავრობა - ბათუმის ბულვარს კვლავ სამი ხეივანი ექნება

აჭარის მთავრობა - ბათუმის ბულვარს კვლავ სამი ხეივანი ექნება

არჩილ ხაბაძის გადაწყვეტილებით, ბათუმის ბულვარი2016 წლის ტურისტულ სეზონს სამი განახლებული ხეივნით შეხვდება , - ამის შესახებ აჭარის მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. უწყების ინფორმაციით, აჭარის მთავრობამ გაითვალისწინა საზოგადოების აზრი ბათუმის ზღვისპირა ბულვარის სამი ხეივნის შენარჩუნების შესახებ და მიიღო ბათუმელებისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
აჭარის მთავრობის განცხადებით, "არჩილ ხაბაძე უშუალოდ იყო დაინტერესებული გამოძებნილიყო საზოგადოებისათვის მისაღები გადაწყვეტილება, ამის შესახებ მან სხვადასხვა ინტერვიუში თუ საზოგადოებრივ ჯგუფებთან შეხვედრისას არაერთხელ განაცხადა".

"22 იანვარს აჭარის მთავრობაში გაიმართა მორიგი შეხვედრა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან, სადაც დეტალურად განიხილეს სამომავლო ნაბიჯები სამი ხეივნის შენარჩუნებისთვის. ამგვარი გადაწყვეტილებით აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგის გზით ქმედითი ნაბიჯი გადადგა ბათუმისა და ბათუმელების ინტერესების დასაცავად", - აღნიშნულია პრესსამსახურის განცხადებაში.
"მინდა მივულოცო ყველას - ბათუმელებს, მთელ საქართველოს, რომ ასეთი რამ მოხდა... ეს არაჩვეულებრივი მაგალითიცაა და გაკვეთილიც საზოგადოებისთვის, ისევე როგორც მთავრობისთვის, რომ მსგავსი დემოკრატიული პროცესი შესაძლებელია ჩვენს ქვეყანაში... რომ საზოგადოების მიერ გამოთქმულ აზრს აქვს ძალა...", - განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წევრმა რაულ ფატლაძემ.
პრესსამსახურის განცხადებით, ბულვარის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით თანამშრომლობის კუთხით მთავრობის მხრიდან კეთილი ნება გამოხატულია, რაც გულისხმობს ამ პროცესში შესაბამისი დარგის სპეციალისტების ჩართვასა და გამჭვირვალობას.
აჭარის მთავრობაში აღნიშნავენ, რომ მომდევნო დღეებში გაგრძელდება ბულვარში მიმდინარე სამუშაოების სამართლებრივი, ტექნიკური და დოკუმენტური საკითხების შეთანხმება, რაშიც ჩართული არიან შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოები. აღნიშნული პროცედურები უახლოეს დღეებში დასრულდება. "აღსანიშნავია, რომ სანიაღვრე არხებისა და სასეირნო ბილიკების ახალი ფილებით მოწყობა სამივე ალეაზე იქნება გათვალისწინებული.ბათუმის ზღვისპირა ბულვარი 2016 წლის ტურისტულ სეზონს სამი განახლებულიხეივნით შეხვდება", - ნათქვამია პრესრელიზში.