პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დავოსში ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა როგორც პოლიტიკოსებთან, ისე ბიზნესმენებთან.
როგორც პრემიერმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამართული შეხვედრების შეფასებისას აღნიშნა, ის ნატო-ს გენერალურ მდივანსაც შეხვდა, რომელსაც ესაუბრა იმაზე, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ იმისთვის, რომ საქართველოს პროგრესი დაფიქსირდეს ვარშავის სამიტზე.
"დავოსში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში არაერთი ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ეს იყო შეხვედრები როგორც პოლიტიკურ ლიდერებთან, როგორიცაა ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრი, შვეიცარიის პრეზიდენტი, ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ასევე ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი. შეხვედრები ასევე მქონდა სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების და კომპანიების წარმომადგენლებთან. ეს არის ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი. ასევე შევხვდი ბიზნესის წარმომადგენლებს, არაერთ კომპანიას. საუბარი გვქონდა საქართველოში დაგეგმილ რეფორმებზე. მივიღე რამდენიმე საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა და გავაცანით ჩვენი რეფორმების გეგმა. ძალიან დადებითად იქნა აღქმული ყველა ჩვენი პარტნიორის მხრიდან, მათ შორის საფინანსო ინსტიტუტებმა აღგვითქვეს დახმარება ამ რეფორმების განხორციელებაში. ეს გეგმა, როგორც უკვე გამოვაცხადეთ, არის საგადასახადო ლიბერალიზაცია, მმართველობის სისტემის რეფორმა, ინფრასტრქტურული და რეგიონული განვითარების დაჩქარება და განათლების რეფორმები. ჩვენ შევხვდით ბრიტანეთის ყოფილ პრემიერს ტონი ბლერს, რომელთანაც ასევე განვიხილეთ რეფორმების გეგმა და სავარაუდოდ ვითანამშრომლებთ ამ მიმართულებით. ჩვენ ასევე შევხვდით ნატო-ს გენერალურ მდივანს და ვისაუბრეთ ვარშავის სამიტამდე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ საქართველოს პროგრესი დაფიქსირდეს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.