პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელისუფლების მიერ განხორციელებული დემოკრატიული რეფორმებიდან სასამართლო სისტემის და პროკურატურის რეფორმას გამოყოფს.
როგორც ევროპარლამენტის რეზოლუციის შეფასთან დაკავშირებით გავრცელებულ პრემიერის განცხადევაშია აღნიშნული, რეზოლუციაში პროკურატურასთან დაკავშირებით დაფიქსირებულ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის ანგარიშვალდებულებისა და შერჩევითობის გაუმჯობესების მიზნით, უკვე განხორციელდა შესაბამისი ძალისხმევა.
„ოთხეტაპიანი სასამართლო რეფორმის მიზანი იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზება, გამჭვირვალობის გაზრდა, საზოგადოებისა და მედიისათვის სასამართლო სხდომების გასაჯაროების გზით და მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შემოღება. რაც შეეხება რეზოლუციაში პროკურატურასთან დაკავშირებით დაფიქსირებულ პრობლემატურ საკითხებს, მათ შორის ანგარიშვალდებულებისა და შერჩევითობის გაუმჯობესების მიზნით, უკვე განხორციელდა შესაბამისი ძალისხმევა. 2015 წლის შემოდგომაზე პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, ჩამოყალიბდა გენდერულად დაბალანსებული, 15-წევრიანი საპროკურორო საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია კოლეგების მიერ არჩეული პროკურორებით და საკანონმდებლო, სასამართლო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებით. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტზე მუშაობისას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობდა ვენეციის კომისიასთან და კანონპროექტის პარლამენტში წარდგენამდე, კომისიის ექსპერტთა მიერ შემუშავებული 37 რეკომენდაციიდან 35 გაითვალისწინა", - აცხადებს კვირიკაშვილი.
მისი თქმით, ანალოგიურად, წინასწარი პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით, განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად.
"კერძოდ, გატარებული რეფორმის მიხედვით, წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივების შემთხვევებში, დაინერგა ხშირი, პერიოდული და ავტომატური სასამართლო განხილვები. ამასთანავე, 9 თვემდე შეიზღუდა წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური ვადა, რომლის გახანგრძლივება ახალი ბრალდების წაყენების შემთხვევაშიც შეუძლებელი გახდა. რეფორმების წარმატებით განხორციელებისა და სამართლებრივი სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების მიზნით, მოსამართლეებმა თავიანთი მოვალეობები ხელისუფლების, ან ოპოზიციის ზეწოლის გარეშე უნდა განახორციელონ. მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა, ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ზოგიერთი გადაწყვეტილება საზოგადოებისა და სამართალმცოდნეთათვის საკამათო გახდა. სპონტანური სახის საპროტესტო აქციები საკონსტიტუციო სასამართლოსა და რამდენიმე მოსამართლის საცხოვრებელი ადგილის წინ ჩატარდა. საქართველოს მთავრობამ შეძლო კანონის სათანადოდ აღსრულების, მოსამართლეთა უსაფრთხოების, ისევე როგორც მშვიდობიანი პროტესტის უფლების დაცვის უზრუნველყოფა“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.