საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნოდარ ებანოიძის განცხადებით, ეროვნული ვალუტის გაუფასურება ნავთობზე ფასის ვარდნამ განაპირობა.
როგორც ებანოიძემ "პირWელთან" საუბრისას განაცხადა, საჭიროა მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინაცია, რათა შოკური ელემენტები მოიხსნას და პროდუქტებზე არ მოხდეს ფასების ზრდა.
„ამის გამომწვევი მიზეზის დადგენა რთული არაა, ეს გამოიწვია, პირველ რიგში, ნავთობზე ფასების შემცირებამ და იმ ქვეყნებში კრიზისმა, რომლებზეც ჩვენ ვიყავით დამოკიდებული ექსპორტით. მაგალითად რუსეთი, სადაც ვალუტა გაუფასურდა, ჩვენ არ ვართ ძალიან დამოკიდებული რუსეთზე, მაგრამ მასზე დამოკიდებულია აზერბაიჯანი, უკრაინა, ბელორუსი, ამიტომ ამ ქვეყნებშიც იგივე პროცესები წავიდა. ჩამორიცხვები შემცირდა ამ ქვეყნებიდან თანხების, რამაც შემოდინება შეაფერხა. ამის გარდა, ჩვენ ექსპორტი შეგვიმცირდა სწორედ ამ მიმართულებით, მაგალითად ჩვენ ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი არ გვაქვს ძალიან დიდი, მაგრამ გაზრდილია. ამ ყველაფერმა ფულის ნაკადები გააჩერა და ბუნებრივია მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსი გაჩნდა და ამ დროს ხდება ეს. ბოლო დღეებში რუსეთში 30-დან 80-ზე ავიდა კურსი, აზერბაიჯანში გაორმაგდა, ნავთობის ფასი 110-დან ჩამოვიდა 30-ზე, ჩვენი ბაზარის ამ ყველაფერზე დამოკიდებულებამ და ექსპორტის შემცირებამ გამოიწვია ეს შედეგი", - განაცხადა ებანოიძემ.
რაც შეეხება პროდუქტებზე ფასების ზრდას ებანოიძე აცხადებს, რომ კურსის სხვაობა და ინფლაცია ერთმანეთზე მიბმული არ არის, თუმცა გარკვეულ წილად აისახება.
"ამ დროს აუცილებელია მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინაცია, რათა შოკური ელემენტები მოიხსნას", - განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, ბიზნესმა უნდა აითვისოს სტაბილური ბაზრები, სადაც ასეთი შოკები არ ხდება, მაგალითად ევროკავშირის ქვეყნები, ირანი, ჩინეთი და ა.შ.
"მთავრობამ ამ კუთხით გახსნა ხაზები. გვჭირდება მსხვილი პროექტების ამუშავება, რომელიც ინვესტიციების ზრდის მიმართულებით იქნება დამამშვიდებელი ამ გარემოებებში. უნდა იმუშაონ მსხვილმა პროექტებმა - იქნება ეს ანაკლიის, ენერგოპროექტები თუ სხვა, რაც გრძელვადიანი პრესპექტივით იქნება ამ სიტუაციიდან გამოსვლის საშუალება. 2.41-დან ასვლა 2.46-ზე არ არის დიდი რყევა, არც ეროვნული ბანკის მიერ გაყიდული 20 მილიონია დიდი თანხა", - განაცხადა ებანოიძემ.