პარლამენტში შესაძლოა კიდევ ერთი ახალი ფრაქცია – ამჯერად უმრავლესობის ფარგლებში ჩამოყალიბდეს. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" უმცირესობის ფარგლებში ახალი - რიგით მეოთხე ფრაქცია შექმნა და ამ ტექნიკურ-ხელოვნური გაყოფის გზით, პარლამენტში ფინანსური, მატერიალური და დროითი რესურსი დაიმატა, ანალოგიურის გამეორებას ახლა "ქართულ ოცნებაშიც" ფიქრობენ.
ამჟამად უმრავლესობის შემადგენლობაში სულ შვიდი ფრაქცია შედის. აქედან ყველაზე დიდი - ფრაქცია "ქართული ოცნება" 47 წევრისგან შედგება. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ პრობლემა არ იქნება, თუკი ექვსი მაჟორიტარი დეპუტატი (პარლამენტში ფრაქციის ფორმირებისთვის საჭირო დეპუტატთა რაოდენობა ექვსია) ფრაქცია "ქართული ოცნებიდანაც" გავა და ახალ ფრაქციად ჩამოყალიბდება. ამით უმრავლეობასაც გაუჩნდება დამატებითი მატერიალური და დროითი რესურსი და ადგილი პარლამენტის ბიუროში.
ამასთან, "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, უმრავლესობაში ახალი ფრაქციის შექმნის საკითხი ჯერ მხოლოდ იდეის დონეზე დგას და ამ თემაზე კონსულტაციები არ დაწყებულა.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა-ერთიანი საქართველოსთვის" რეგისტრაციის საკითხი კი, გუშინ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა.