საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის ინფორმაციით, კოალიცია "ქართული ოცნების" სიაში პარტიათა შორის კვოტების გადანაწილეობის თემაზე ჯერ არანაირი მოლაპარაკებები არ დაწყებულა.
კვაჭანტირაძის თქმით, მას შემდეგ, რაც 2016 წლის არჩევნებისთვის კოალიციის კონფიგურაცია ჩამოყალიბდება, გამორიცხული არ არის, "შიგნით პროცენტული გადანაწილება გარკვეულწილად შეიცვალოს, მაგრამ როგორ, რა წესით და რა ფორმულით, ეს განხილვის საკითხია, რაც ჯერ არ ყოფილა".
"ჩემი კოლეგებიც, რომლებიც ამ თემაზე კომენტარს აკეთებენ, ძითადად იძულებული არიან აპელირება ჟურნალისტების მხრიდან მიწოდებულ ციფრებზე გააკეთონ. საიდან მოგაქვთ ეს ციფრები, რომელ ფორმატში იქნა განხილული, ჩემთვის უცნობია. არ მგონია, რომ სადღაც ასეთი განხილვები იყო. ეს არის საკითხი, რაც პოლიტსაბჭოზე უნდა იყოს განხილული და გადაწყვეტილი, რაც არ ყოფილა", - აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე.