საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსში პირველი შეხვედრა კომპანია BP-ის აღმასრულებელ დირექტორთან გამართა
კომპანია BP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რობერტ დადლიმ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბაქო-სუფსის ნავთობსადენის პროექტის დეტალები განიხილეს. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბაქო-სუფსის ნავთობსადენის გარკვეული მონაკვეთების მოდერნიზაციისთვის და ეკოლოგიური სტანდარტების გაუმჯობესებისთვის კომპანია BP 150 მილიონ დოლარს დახარჯავს.
რობერტ დადლიმ ქართულ მხარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ პროექტების შესახებ, რომელსაც კომპანია BP-ი საქართველოში ახორციელებს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ცვალებადობის მიუხედავად, სამხრეთ კავკასიის გაზის მილსადენის მშენებლობის პროექტი გრაფიკის მიხედვით ხორციელდება და 2018 წელს დასრულდება. პროექტის მიმდინარეობის პერიოდში 2000 ადამიანია დასაქმებული.