ბიძინა კუჭავას გარდაცვალების საქმის მოწმე დავით პოპოვი 17 იანვრის ღამეს იხსენებს. როგორც დავით პოპოვმა "მაესტროს" ეთერში განაცხადა, პირველად ბიძინა კუჭავას 30 დეკემბერს შეხვდა. მისი თქმით, ის საქართველოში ჩამოფრინდა თბილისი-მოსკოვის რეისით 28 დეკემებერს.
"მე მოსკოვში მყავს მეგობარი, რომელმაც მითხრა, რომ უნდა შევხვედროდი ბიძინა კუჭავას. ბიძინას ჰქონდა ბიზნესპროექტი შესათავაზებელი და უნდა გამერკვია რა ბიზნესპროექტი ჰქონდა. 30-ში შევხვდი ბიძინას, დათქმულ ადგილას გლდანში, მოვუსმინე. მას ჰქონდა ბიზნეს პროექტი აფრიკაში, რისთვისაც საჭირო იყო დიდძალი თანხა, 780 ათას დოლარამდე. ჩემთვის და ჩემი მეგობრისთვის ეს პროექტი მიუღებელი იყო და უარი ვუთხარი", - განაცხადა პოპოვმა.
მისივე თქმით, ამის შემდეგ, 16 იანვარს, ღამის თორმეტი საათი იქნებოდა, დაურეკა მეგობარმა გოჩა კუჭავამ მოსკოვიდან, უთხრა, რომ მას დაურეკა ბიძინა კუჭავამ და დახმარება სთხოვა.
"ჩემმა მეგობარმა მთხოვა, შეხვდი და გაიგე რა პრობლემა აქვს და თუ შეგეძლება დაეხმარეო. ნომერიც მომცა. გადავრეკე ბიძინასთან და მითხრა ნახევარ სათში შევხვდეთო გლდანში. შევხვდით ისევ იმ ადგილას გლდანში, სადაც ადრე. მანქანა დავქოქე და წავედი. გადმოვიდა ტაქსიდან და ჩამიჯდა მანქანაში. წავიყვანე სახლში. სახლში რომ მივიყვანე, ვკითხე რა პრობლემები ჰქონდა. მითხრა, რომ მაქვს პრობლემა და ერთ დღე მაქვს დრო და ქვეყნიდან უნდა წავიდეო", - განაცხადა პოპოვმა.
მისივე განმარტებით, ბიძინა კუჭავას ბილეთი არ ჰქონდა და მას სთხოვა თვითმფრინავის ბილეთის ფული. როგორც პოპოვმა აღნიშნა, კუჭავას ჰქონდა 160 ლარი, თვითონ პოპოვს 250 ლარი, დანარჩენი საჭირო თანხა კი გამოიტანა "ევროპაბეთიდან", რომელიც ფილარმონიასთან მდებარეობს.
როგორც პოპოვმა აღნიშნა, "მერსედესის" თეთრი "ჯიპი" მეუღლეზეა გაფორმებული და მეუღლეც წაიყვანა, გამომდინარე იქიდან, რომ გზები არ იცოდა. მისივე თქმით, კუჭავა მანქანის უკანა მხარეს ჩაჯდა და წავიდნენ აეროპორტისკენ, თუმცა სანაპიროზე ისინი პატრულმა გააჩერა.
"მოვიდა ერთ-ერთი თანამშრომელი და მომთხოვა საბუთები, რაც მივაწოდე. 2 წუთში უკან დაბრუნდა მეორე თანამშრომელთან ერთად და მომთხოვეს მანქანში მსხდომების საბუთები. როდესაც ვუთხარი ბიძინა საბუთებს ითხოვენ, მიეციმეთქი, მან უკანა შუშა ჩასწია და მიაწოდა. როგორც კი გაცდნენ მანქანას პატრულის თანამშრომლები, შავი "ჯიპებით" მოცვივდნენ, გადმოვიდნენ შეიარღებული ხალხი, როლებმაც დაიწყეს ყვირილი, რომ ვართ პოლიციის თანამშრომლები, ხელები აწიეთ და გადმოდით მანქანიდანო. ამ აურზაურში ჩემს მანქანაში გაისმა გასროლის ხმა. გავიხედე და დავინახე სისხლიანი კაცის თავი. 5 წუთში უკვე ვიყავი პატრულის მანქანაში. ერთადერთი დავინახე, რომ მეუღლე ცალკე გადაჰყავდათ", - განაცხადა პოპოვმა.