პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, "გაზპრომთან" მოლაპარაკებების დროს, მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი პროცესის გამჭვირვალობა და საზოგადოების ინფორმირებულობა.
როგორც აბაშიშვილმა ჟურნალისტებს "გაზპრომთან" დაკავშირებული მოლაპარაკების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა, გასულ წელს საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობას მიმართა, "გაზპრომთან" დაკავშირებული საკითხი მისი მონაწილეობით განხილულიყო მთავრობის სხდომაზე.
"ამ მიმართვის ძირითადი არსი იყო სწორედ ის, რომ აღნიშნულ ძალიან მგრძნობიარე საკითხში ყოფილიყო მეტი გამჭვირვალობა და საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა. დღეს როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ კვლავ გარკვეული ტიპის ბუნდოვანებაა, კვლავ ისმის კითხვები საზოგადოების მხრიდან, ჩვენი პოზიცია არის უცვლელი. მიგვაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში მაქსიმალურად უნდა იქნას უზრუნველყოფილი პროცესის გამჭვირვალობა და შესაბამისად, საზოგადოების ინფორმირებულობა", - განაცხადა აბაშიშვილმა.