ლევან ბერძენიშვილი:    ბიჭებს საიდუმლოს გასწავლით: დანამატსა და პრემიაზე ოჯახში არაფერი თქვათ

ლევან ბერძენიშვილი: ბიჭებს საიდუმლოს გასწავლით: დანამატსა და პრემიაზე ოჯახში არაფერი თქვათ

ბიჭებს საიდუმლოს გასწავლით: ოჯახში ხელფასზე ყველაფერი უნდა თქვათ, მაგრამ დანამატი, პრემია და სხვა, რა ოჯახის გასარკვევი საქმეა, ეს თქვენი ფინანსური თავისუფლება უნდა იყოს, - ამის თაობაზე დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა პარლამენტში, სტაჟიორებთან შეხვედრისას განაცხადა.

კერძოდ, ბერძენიშვილმა მათთან ხელფასების, პრემიების, დანამატების თემაზე ვრცლად ისაუბრა და ყურადღება პარლამენტის მიერ მიღებულ "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონზე გაამახვილა, რომელიც 2017 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.

დეპუტატის თქმით, "საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, "საქართველოში გაქრება ისეთი ტერმინი როგორიცაა, პრემია და იქნება მხოლოდ ხელფასი და დანამატი".

ამასთან, ბერძენიშვილი ელოდება, რომ მომავალი პარლამენტის წინაშე აღნიშნული კანონის ამოქმედების გადავადების მოთხოვნა დადგება, რადგან "სიგიჟემდე მოსწონთ პრემიები".

"ზოგიერთი ხელფასსა და დანამატში ვერ ერკვევა. შემიძლია აგიხსნათ: მე ვარ პარლამენტის წევრი და მაქვს ხელფასი და მაქვს დანამატი, რადგან ვასრულებ სხვა საქმეს თანამდებობაზე – ვარ კომიტეტის თავმჯდომარე, სადაც გაცილებით უფრო მეტი სამუშაო, ვიდრე უბრალოდ პარლამენტის წევრობა", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

რაც შეეხება პრემიებს, მისი განმარტებით, დღევანდელი მოწვევის პარლამენტმა პრემიებზე პირველივე ბიუჯეტის დაგეგმვისას უარი თქვა.

"პარლამენტის წევრის პრემია ცოტა გაუგებარია. პარლამენტის წევრი ხალხმა აირჩია და როგორ გავარკვიოთ მიროტაძე ჯობია, კორძაია თუ ქიბროწაშვილი?! რომელს უნდა მივცეთ პრემია?! ამიტომ წინა პარლამენტში არც არკვევდნენ და ყველას აძლევდნენ. 2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში პრემია 150 დეპუტატმა მიიღო და ამის მერე არც ერთ დეპუტატს არ მიუღია. პრემია აქვთ სხვებს. 2017 წლის 1-ელი იანვრიდან კი, არ ექნება არავის. გასაგებია მთავრობა გვთხოვს, იქნებ კანონი გადავავადოთ, რადგან პრემიები სიგიჟემდე მოსწონთ. ხომ ხვდებით, დაუგეგმავი თანხებია. ზოგიერთი სახლშიც კი არ ამბობს. აქ ბიჭები არიან და ამ საიდუმლოს გასწავლით: - ოჯახში ხელფასზე ყველაფერი უნდა თქვათ, მაგრამ დანამატი, პრემია და სხვა, რა ოჯახის გასარკვევი საქმეა, ეს თქვენი ფინანსური თავისუფლება უნდა იყოს. ეს მე ნაკლებად მეხება - საიდუმლოს შენახვა ისედაც არ მეხერხება და კარგია, რომ ისეთ დაწესებულებებთან არ მაქვს კავშირი, სადაც საიდუმლო უნდა ინახებოდეს – რაღაც წამომცდება", - განაცხადა ბერძენიშვილმა სტაჟიორებთან შეხვედრისას.