ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი ენერგეტიკის მინისტრი იცავდეს ქვეყნის ინტერესებს, ის ფაქტობრივად, გამოდის "გაზპრომის" ადვოკატად და ატყუებს საქართველოს მოსახლეობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ექსპერტმა რომან გოცირიძემ განუცხადა.
გოცირიძის განცხადებით, კალაძემ გააკეთა ძალიან არასწორი განცხადებები და ცდილობდა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, თითქოს შესაძლებელია სომხეთის გაზმომარაგება ირანიდან.
"ერთი კარგი შედეგი იქნა მიღწეული ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში: ფარული ოთხი მოლაპარაკების ნაცვლად ჩვენი ენერგეტიკის მინისტრი ღიად აცხადებს, რომ დღეს მიფრინავს ვენაში, ასე, რომ პროგრესი შეიმჩნევა. მეორე მხრივ, მან გააკეთა ძალიან არასწორი განცხადებები და ცდილობდა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია სომხეთის მომარაგება ირანიდან. არავითარი ტექნიკური საშუალება ირანიდან სომხეთის გაზით მომარაგების არ არსებობს. იქ საჭირო არის ახალი მილსადენის გაყვანა და ეს მხოლოდ სომხეთზე არ არის დამოკიდებული. ვინაიდან დღეს სომხეთში შედის ვიწრო დიამეტრის მილი და დიდი ინფრასტრუქტურის გაკეთება დამოკიდებულია ირანზეც", - განაცხადა გოცირიძემ.
მისივე თქმით, ამის გაკეთებას სულ მცირე 3-4 წელი და რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი დასჭირდება.
"ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი ენერგეტიკის მინისტრი იცავდეს ქვეყნის ინტერესებს, ის ფაქტობრივად, გამოდის "გაზპრომის" ადვოკატად და ატყუებს მოსახლეობას", - განაცხადა გოცირიძემ.
რაც შეეხება კითხვას, გამორიცხავს თუ არა რუსეთის მხრიდან ულტიმატუმს, გოცირიძემ განაცხადა, რომ 20 წელია რუსეთი ცდილობს ულტიმატუმის წამოყენებას, თუმცა, სინამდვილეში ჩვენ ვუყენებთ ულტიმატუმს, რადგან მილი ჩვენს ტერიტორიაზე გადის.
"ის თანხა, რომელსაც რუსეთი მოგვცემს ტრანზიტისთვის, ეყოფა მხოლოდ იმ საექსპლუატაციო ხარჯებს, რომელსაც საქართველო ეწევა ამ მილის შესანახად, 20 წელია რუსეთს ეს უნდა, 20 წელია ულტიმატუმს გვიყენებს, სინამდვილეში ჩვენ ვუყენებთ იქეთ, იმიტომ რომ მილი ჩვენია და მას ჩვენს გარდა არსად არ აქვს გზა", - განაცხადა გოცირიძემ.